ყოველდღიურად უამრავ ნივთს ვყიდულობთ, ვიყენებთ და შემდეგ თავიდან ვიშორებთ. წყლის ბოთლები, საკვების შეფუთვები, ტანსაცმელი, ელექტრონიკა – თითქმის ყველა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი საბოლოოდ ერთსა და იმავე ადგილას, ნაგავსაყრელზე სრულდება. ამ პროცესს იმდენად შევეჩვიეთ, რომ იშვიათად ვსვამთ კითხვას: შეიძლება თუ არა არსებობდეს სხვა გზა? არსებობს თუ არა ისეთი ეკონომიკური სისტემა, სადაც ნივთის სასიცოცხლო ციკლი ნაგავსაყრელზე არ სრულდება?

წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური სისტემა ერთ მარტივ პრინციპზე იყო აგებული: ბუნებიდან რესურსების მოპოვება, მათი პროდუქტებად გარდაქმნა, მოხმარება და ბოლოს ნაგავსაყრელზე განთავსება. ამ მოდელს წრფივ ეკონომიკას უწოდებენ და ის მრავალი ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ძირითად საფუძვლად მიიჩნეოდა. თუმცა დღეს უკვე აშკარაა, რომ ასეთი მიდგომა ხანგრძლივად  ვერ მუშაობს, არამდგრადია და პლანეტის შეზღუდულ რესურსებს სწრაფად წურავს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელიც რესურსებს უფრო ეფექტიანად გამოიყენებს და ნარჩენების წარმოქმნას თავიდანვე შეამცირებს.

ცირკულარული ეკონომიკა

ცირკულარული ეკონომიკა არის  მიდგომა, რომლის მთავარი იდეა ბევრად უფრო ფუნდამენტურ ცვლილებას გულისხმობს ვიდრე ნარჩენების მართვაა – აქ პრობლემა უნდა გადაიჭრას არა მაშინ, როდესაც პროდუქტი უკვე ნარჩენად იქცევა, არამედ ბევრად ადრე, მისი შექმნის ეტაპზევე.

დღეს ბაზარზე მრავალი ისეთი პროდუქტი არსებობს, რომლის სასიცოცხო ციკლიც პრაქტიკულად პირველივე გამოყენებისას სრულდება. მაგალითად, ასეთია ჩიფსის პაკეტი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეფუთვა მსუბუქი, იაფი და მოსახერხებელია, მისი მრავალშრიანი სტრუქტურა არ იძლევა არც ხელახალი გამოყენების, არც გადამუშავებისა და არც კომპოსტირების შესაძლებლობას. შედეგად, პროდუქტი შექმნის მომენტიდანვე ფაქტობრივად ნარჩენად იქცევა. სწორედ ამიტომ, ცირკულარული ეკონომიკის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ნარჩენებისა და დაბინძურების თავიდან აცილებაა.

ნარჩენების შემცირება და დაბინძურების თავიდან აცილება

ხშირად ნარჩენს მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როცა ის ურნაში ხვდება. თუმცა ცირკულარული ეკონომიკა გვაჩვენებს, რომ ნარჩენის ისტორია გაცილებით ადრე იწყება. ცირკულარული ეკონომიკის პირველი პრინციპი გულისხმობს ნარჩენებისა და დაბინძურების თავიდან აცილებას ჯერ კიდევ მათ წარმოქმნამდე. 

ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით, ცირკულარული ეკონომიკა პრობლემის მიზეზებს ეძებს და ყურადღებას პროდუქტის შექმნის ეტაპზე ამახვილებს. 

ბუნებრივ სისტემებში ნარჩენი, როგორც ასეთი, არ არსებობს. მასალები მუდმივად მოძრაობს და ერთი პროცესის შედეგი სხვა პროცესის რესურსად გარდაიქმნება. ამის საპირისპიროდ, ადამიანის მიერ შექმნილი მრავალი პროდუქტი – ყოველდღიური მოხმარების ნივთებიდან დაწყებული, შენობებითა და ინფრასტრუქტურით დასრულებული – ხშირად არ ითვალისწინებს იმას, თუ რა ბედი ეწევა მასალებს მათი ფუნქციური სიცოცხლის დასრულების შემდეგ.

პროდუქტებისა და მასალების ცირკულაცია

ცირკულარული ეკონომიკის მეორე პრინციპი გულისხმობს პროდუქტებისა და მასალების ღირებულების მაქსიმალურად ხანგრძლივად შენარჩუნებას. როდესაც პროდუქტი ვეღარ ასრულებს თავდაპირველ ფუნქციას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ნარჩენად უნდა იქცეს.   შესაძლებელია მისი გარდაქმნა ახალ პროდუქტად, კომპონენტების აღდგენა ან მასალების დაბრუნება წარმოების პროცესში, რა გზითაც მცირდება ახალი ნედლეულის მოპოვების საჭიროებაც.

პროდუქტის ღირებულების შესანარჩუნებლად ყველაზე ეფექტიანი გზა მისი პირვანდელი ფორმისა და ფუნქციის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ ცირკულარული ეკონომიკა უპირატესობას ანიჭებს ისეთ პროცესებს, როგორიცაა ხელახალი გამოყენება, შეკეთება, მოვლა, განახლება და აღდგენა. გადამუშავება მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, თუმცა იგი ხშირად განიხილება როგორც ბოლო ეტაპი, რადგან ამ პროცესში პროდუქტისა და კომპონენტების თავდაპირველი ღირებულების ნაწილი იკარგება. შესაბამისად, აუცილებელია მათი თავისებურებების გათვალისწინება. სწორედ ამ თავისებურებებსა და განსხვავებაზეა დაფუძნებული ცირკულარული ეკონომიკის ორი ძირითადი ციკლი:  ტექნიკური და ბიოლოგიური.

ტექნიკური და ბიოლოგიური ციკლები

ცირკულარული ეკონომიკის მოდელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ილუსტრაციაა ე.წ. „პეპლის დიაგრამა“, რომელიც აჩვენებს, როგორ მოძრაობს მასალები ორი ძირითადი მიმართულებით: ტექნიკურ და ბიოლოგიურ ციკლებში. მოდელი გვაჩვენებს, რომ სხვადასხვა ტიპის მასალას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ზოგი მასალა უნდა დარჩეს ეკონომიკურ სისტემაში რაც შეიძლება დიდხანს, ხოლო ზოგი უნდა დაბრუნდეს ბუნებრივ გარემოში უსაფრთხო გზით.

ტექნიკური ციკლი

ტექნიკური ციკლი მოიცავს არაბიოლოგიურ მასალებს, როგორიცაა ლითონები, პლასტმასა, მინა და სინთეტიკური ტექსტილი. ამ მასალების მიზანია რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ეკონომიკურ სისტემაში და არ მოხვდეს ბუნებრივ გარემოში. ტექნიკურ ციკლში მასალების შენარჩუნება ხორციელდება სხვადასხვა სტრატეგიით: ხელახალი გამოყენებით, შეკეთებით, აღდგენით, განახლებით, ხელახალი წარმოებით და საბოლოოდ – გადამუშავებით. ყველაზე მაღალი ღირებულება შენარჩუნებულია მაშინ, როდესაც პროდუქტი კვლავ იმავე დანიშნულებით გამოიყენება. მაგალითად, პროდუქტის გაზიარებაზე დაფუძნებული ბიზნესმოდელები საშუალებას იძლევა ერთი და იგივე ნივთი რამდენიმე მომხმარებელმა გამოიყენოს, რაც ზრდის მისი გამოყენების პერიოდს.

შეკეთება და მოვლა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ისინი პროდუქტის ნაადრევად ნარჩენად ქცევას აფერხებს. როდესაც პროდუქტის პირვანდელი ფორმით გამოყენება უკვე შეუძლებელია, შესაძლებელია მისი კომპონენტების აღდგენა ან განახლება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტის ან მისი ნაწილების შენარჩუნება აღარ არის შესაძლებელი, ხდება მასალების დაშლა და გადამუშავება. ბუნებრივი წარმოშობის მასალებისთვის კი ცირკულარული ეკონომიკა განსხვავებულ გზას გვთავაზობს.

ბიოლოგიური ციკლი

ბიოლოგიური ციკლი მოიცავს ბუნებრივი წარმოშობისა და ბიოდეგრადირებად მასალებს, როგორიცაა საკვები, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები და ბუნებრივი ბოჭკოები. ამ მასალების მიზანია ბუნებრივ სისტემებში უსაფრთხოდ დაბრუნება ისეთი პროცესების საშუალებით, როგორიცაა კომპოსტირება და ანაერობული გადამუშავება. შედეგად, ორგანული ნივთიერებები უბრუნდება ნიადაგს, აუმჯობესებს მის ხარისხს და ხელს უწყობს ახალი ბიოლოგიური რესურსების წარმოქმნას.

ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ტექნიკურ, ისე ბიოლოგიურ ციკლთან. მაგალითად, ხის ავეჯი ან ბამბის ტექსტილი გამოყენების პერიოდში შეიძლება შეკეთდეს, განახლდეს ან ხელახლა იქნეს გამოყენებული, ხოლო საბოლოო ეტაპზე მისი ბუნებრივი კომპონენტები ბუნებაში დაბრუნდეს.

გარდაქმნა ნარჩენიდან შესაძლებლობამდე

ცირკულარული ეკონომიკა წარმოადგენს არა მხოლოდ ნარჩენების მართვის ახალ მიდგომას, არამედ ეკონომიკური სისტემის სრულ ტრანსფორმაციას. მისი მთავარი მიზანია რესურსების დაკარგვის შემცირება, პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება და ბუნებრივ სისტემებთან უფრო დაბალანსებული ურთიერთობის შექმნა.

ცირკულარულ ეკონომიკაში ნარჩენი არის სიგნალი იმისა, რომ პროდუქტის დიზაინი ან სისტემა საჭიროებს ცვლილებას. როდესაც პროდუქტები იქმნება ცირკულარული პრინციპებით, მასალები მუდმივად ბრუნავს ეკონომიკაში, ხოლო ბუნებრივი რესურსები აღდგენის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ცირკულარული ეკონომიკა გვთავაზობს გზას ისეთი მომავლისკენ, სადაც ეკონომიკური განვითარება აღარ ეფუძნება რესურსების მუდმივ მოპოვებასა და დაკარგვას, არამედ მათ გონივრულ გამოყენებას, ინოვაციასა და რეგენერაციას.