წარმოიდგინეთ მაისური. მისი ისტორია ბამბის მოყვანით იწყება, გრძელდება ქარხანაში, შემდეგ მაღაზიაში და, ბოლოს, მომხმარებლის კარადაში ინაცვლებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ხშირად მისი გზა ნაგავსაყრელამდე მიდის. ამ მომენტისთვის  წრფივი ეკონომიკა მის ისტორიას თითქმის დასრულებულად მიიჩნევს: პროდუქტი შეიქმნა, გაიყიდა, გამოიყენეს და ახლა მისი ადგილი ნარჩენებს შორისაა.

მაგრამ რა მოხდებოდა, ამ ისტორიას სხვა გაგრძელება რომ ჰქონოდა?

მაისური შეიძლება სხვა ადამიანმა ჩაიცვას, შეკეთდეს, ბრენდმა უკან დაიბრუნოს და აღადგინოს. შესაძლოა, მისი ქსოვილი სრულიად სხვა პროდუქტის შესაქმნელადაც კი გამოიყენონ. საბოლოოდ კი, როცა მასალის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება, მხოლოდ მაშინ დადგება მისი გადამუშავების საკითხი. სწორედ ამ ცვლილებას გვთავაზობს ცირკულარული ეკონომიკა: პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის დასრულების ნაცვლად მისი ისტორია გრძელდება. დღეს სხვადასხვა სექტორის ბიზნესები ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ ამ იდეის პრაქტიკაში განხორციელება უკვე შესაძლებელია. 

ცირკულარული მოხმარების მოდელი

როგორც ამბობენ, ყველაზე კარგი ნარჩენი სწორედ ის არის, რომელიც საერთოდ არ წარმოქმნილა.

ცირკულარული ეკონომიკის შესახებ საუბრისას, ხშირად პირდაპირ ნარჩენზე ვფიქრობთ. თუმცა, რეალურად, ცირკულარული მიდგომა ბევრად უფრო ადრე იწყება. პირველი ნაბიჯი ნარჩენის მართვა კი არა, მისი თავიდან აცილებაა.

ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ამისა Netflix-ია. როდესაც ფილმების ყურება ფიზიკური DVD-ის ნაცვლად ციფრული სტრიმინგის საშუალებით გახდა შესაძლებელი, შეიცვალა არა მხოლოდ მომსახურების მიწოდების ფორმა, არამედ საჭირო რესურსების რაოდენობაც. აღარ იყო აუცილებელი თითოეული ფილმისთვის დისკის დამზადება, შეფუთვა და მისი ტრანსპორტირების ორგანიზება.

ეს პრაქტიკა ცირკულარული აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია: ზოგჯერ საუკეთესო გზა არსებული პროდუქტის უკეთ გადამუშავება კი არა, მისი საჭიროების თავიდანვე სხვაგვარად გადააზრებაა. ამავე იდეას უკავშირდება პროდუქტის დიზაინის ცვლილებაც. თუ პროდუქტი თავიდანვე ისეა შექმნილი, რომ მისი ნაწილები მარტივად იცვლება, კეთდება ან ახლდება, ის ბევრად უფრო დიდხანს რჩება მოხმარებაში. მაგალითად, კომპანია Grover ტექნიკის გაქირავების მოდელს იყენებს. მომხმარებელს არ სჭირდება მოწყობილობის  შეძენა; მას შეუძლია, ნივთი გარკვეული პერიოდით გამოიყენოს და შემდეგ დააბრუნოს. დაბრუნებული პროდუქტი მოწმდება, საჭიროების შემთხვევაში შეკეთებას ექვემდებარება და კვლავ სხვა მომხმარებელს გადაეცემა. აქ ერთი ფუნდამენტური ცვლილება იკვეთება: ერთი პროდუქტი მხოლოდ ერთ მომხმარებელს აღარ ეკუთვნის.

ერთი პროდუქტი, რამდენიმე მომხმარებელი

ერთი პროდუქტისა და რამდენიმე მოხმარებლის  პრინციპი ცირკულარული ეკონომიკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაჩვენებს. თუ ნივთი მთელი თავისი არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთ ადამიანს ემსახურება, მისი პოტენციალის დიდი ნაწილი გამოუყენებელი რჩება. ავტომობილი შეიძლება დღის უმეტეს ნაწილში გაჩერებული იყოს, სამუშაო სივრცე საღამოობით ცარიელი დარჩეს, ხელსაწყო კი, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვჭირდება, დარჩენილ დროს თაროზე უბრალოდ ადგილს იკავებდეს.

გაზიარებაზე დაფუძნებული ეკონომიკა სწორედ ამ გამოუყენებელ შესაძლებლობას გარდაქმნის ეკონომიკურ ღირებულებად. ამისათვის კი აუცილებელია, რომ ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირების მარტივი გზა ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, ციფრული პლატფორმები ცირკულარული ბიზნესმოდელების განუყოფელი ნაწილია. ისინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, იპოვოს მისთვის საჭირო რესურსი, დაჯავშნოს, გამოიყენოს და შემდეგ სხვას გადასცეს. შედეგად, ეკონომიკური ღირებულება იქმნება არა მხოლოდ ახალი პროდუქტის გაყიდვით, არამედ არსებული პროდუქტის უფრო ინტენსიური გამოყენებით.

კომპანიების მიერ ძველი ნივთების შეკეთება

ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იდეა შეკეთებაა. დაზიანებული ნივთი ავტომატურად ნარჩენი არ არის. თუ ტელეფონს ეკრანი გაუტყდა, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად მოწყობილობა უნდა ჩავანაცვლოთ. თუ ქურთუკს ელვა გაუფუჭდა, მისი ადგილი ნაგავსაყრელზე არ არის. ამ მიდგომას უკვე აქტიურად იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Apple, Patagonia და Arcteryx, რომლებიც მომხმარებლებს პროდუქციის შეკეთების სერვისს სთავაზობენ.

მოდელში საინტერესოა არა მხოლოდ გარემოსდაცვითი შედეგი, არამედ თავად ბიზნესლოგიკის ცვლილებაც. კომპანია აღარ არის დაინტერესებული მხოლოდ იმით, რომ მომხმარებელმა აუცილებლად ახალი ნივთი იყიდოს. მას შეუძლია, ღირებულება შეკეთების, მომსახურებისა და პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივების გზითაც შექმნას. მაგალითისთვის, ზოგჯერ პროდუქტი იმდენად არის დაზიანებული ან მოძველებული, რომ უბრალო შეკეთება საკმარისი აღარ არის. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენების შესაძლებლობა ამოიწურა. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია რესტავრაცია ან ხელახალი წარმოება, რომლის შედეგადაც პროდუქტი კვლავ ბრუნდება გამოყენებაში.

Apple Certified Refurbished-ის შემთხვევაში, გამოყენებული ან დაბრუნებული მოწყობილობები მოწმდება, საჭიროების შემთხვევაში დეტალურად აღდგება და ამის შემდეგ კვლავ იყიდება. საქართველოში მსგავსი მიდგომის კარგი მაგალითია საწარმო „გოგორა“, რომელიც გამოყენებულ ხის ავეჯსა და საბავშვო სათამაშოებს უკან იბრუნებს, აღადგენს და მომხმარებელს ხელახლა სთავაზობს. ასეთ დროს ბაზარზე ახალი პროდუქტი კი არ იქმნება, არამედ უკვე არსებულ ნივთს ეძლევა ახალი შანსი, რომ კვლავ შექმნას ღირებულება.

ნარჩენიდან ახალ პროდუქტამდე

შეუძლებელია ყველა პროდუქტი თავდაპირველ ფუნქციას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი შემადგენელი მასალა უსარგებლოა. ბრენდი Freitag ჩანთებს სატვირთო მანქანების ძველი ტენტებისა და უსაფრთხოების ღვედებისგან ამზადებს. მასალა, რომელმაც თავისი თავდაპირველი ფუნქცია უკვე შეასრულა, სრულიად განსხვავებული პროდუქტის შესაქმნელად გამოიყენება.

მსგავსი პრინციპით მუშაობს Tracegrow, რომელიც გამოყენებული ტუტე ელემენტებიდან და ინდუსტრიული ნარჩენებიდან მიკროელემენტებს იღებს და მათ სასუქების წარმოებაში იყენებს. აქ იცვლება თავად ნარჩენის აღქმა: ნარჩენი შეიძლება იყოს უბრალოდ მასალა, რომლისთვისაც ახალი დანიშნულება ჯერ არ მოგვიძებნია.

გარდა ამისა, განსაკუთრებით საინტერესოა ორგანული ნარჩენები. საკვები ნარჩენები და სოფლის მეურნეობაში წარმოქმნილი სხვა ორგანული მასალა შეიძლება ანაერობული დაშლის პროცესში მოხვდეს. შედეგად წარმოიქმნება ბიოგაზი, რომელიც ელექტროენერგიისა და სითბოს მისაღებად გამოიყენება. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ციკლი საინტერესო გზას გადის – ის, რაც ერთი პროცესისთვის ნარჩენია, მეორე პროცესისთვის შეიძლება ენერგიის წყაროდ იქცეს.

რესურსების ღირებულების შენარჩუნება

წრფივ ეკონომიკაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი საზომი გაყიდვების რაოდენობაა: რამდენი პროდუქტი შეიქმნა და რამდენი გაიყიდა. ცირკულარული ეკონომიკა კი სრულიად სხვა კითხვას სვამს: რამდენ ხანს შეუძლია ერთსა და იმავე რესურსს ღირებულების შენარჩუნება? ერთი ტელეფონი შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანის საკუთრება იყოს, ან რამდენიმე მომხმარებელმა გამოიყენოს. ერთი ჭიქა შეიძლება ერთჯერადად მოვიხმაროთ, ან ასობით გამოყენების შემდეგაც ფუნქციური დარჩეს, ტანსაცმელი შეიძლება ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს, ან მეორად ბაზარზე გადავიდეს, ძველი მასალა შეიძლება ნარჩენად იქცეს, ან სრულიად ახალი პროდუქტის საწყისად.

სწორედ ამ განსხვავებაშია ცირკულარული ბიზნესმოდელის არსი. მთავარი მიზანი აღარ არის მეტი პროდუქტის შექმნა, მნიშვნელოვანია, რომ უკვე შექმნილმა პროდუქტმა და მასალამ რაც შეიძლება მეტი ღირებულება შექმნას, სანამ საბოლოოდ ეკონომიკური ბრუნვიდან გავა. სწორედ ამიტომ არის ცირკულარული ეკონომიკა არა მხოლოდ გარემოსდაცვითი იდეა, არამედ ბიზნესის განვითარების ახალი ლოგიკა და ეკონომიკა, სადაც ახალი ღირებულების შექმნა აუცილებლად ახალი რესურსის მოპოვებას აღარ მოითხოვს, რადგანაც ზოგჯერ საკმარისია, უბრალოდ სხვანაირად დავინახოთ ის, რაც უკვე გვაქვს.