ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისთვის, ევროსაბჭოსთვის, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტისა და რეგიონების კომიტეტისთვის გაგზავნილი კომუნიკაცია
ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებულ დღის წესრიგს უფრო სუფთა და უფრო კონკურენტუნარიანი ევროპის შესაქმნელად, ეკონომიკური აქტორების, მომხმარებლების, მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართულობითა და თანამონაწილეობით. ევროკომისიის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული „ცირკულარული ეკონომიკის ახალი სამოქმედო გეგმა უფრო სუფთა და კონკურენტუნარიანი ევროპისთვის“ მოიცავს მნიშვნელოვან ცვლილებებსა და რეგულაციებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მდგრადი პროდუქტის დიზაინი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შეკეთება და ხელახლა გამოყენება, ბატარეების წარმოება და დატენვის შესაძლებლობის გაუმჯობესება და შესაფუთი მასალების გამოყენების შემცირება. გეგმა ასევე ითვალისწინებს მიკროპლასტიკის წარმოქმნის მარეგულირებელი შეზღუდვების გამკაცრებას, ტექსტილის ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების სისტემის გაძლიერებას, შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის გამძლეობისა და ადაპტირებადობის გაუმჯობესებას, და რიგ სხვა ცვლილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს უფრო მდგრადი და რესურსეფექტიანი ევროპის ჩამოყალიბებას.


