კამპანიები

აგრიკულტურა – არა პლასტიკულტურა

საქართველოში პოლიეთილენის მულჩი ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობის პრაქტიკებში, როგორც მოსავლიანობის ზრდის სწრაფი და ხელმისაწვდომი საშუალება. თუმცა, პლასტიკის ინტენსიური მოხმარება სერიოზულ აგრო-ეკოლოგიურ გამოწვევებს ქმნის: გამოყენების შემდეგ ნიადაგში დარჩენილი პოლიეთილენის ნარჩენები იწვევს ნიადაგის დეგრადაციას, რაც გრძელვადიან პერიოდში საფრთხეს უქმნის მიწის პროდუქტიულობას და ბიზნესის მომგებიანობას.

დღეისათვის ფერმერთა შორის დაბალია ინფორმირებულობა როგორც პოლიეთილენის ნეგატიური გავლენის, ისე ალტერნატიული, ბიოდეგრადირებადი მულჩირებისა და ნიადაგიდან პოლიეთილენის ეფექტური ამოღების თანამედროვე პრაქტიკების შესახებ.

სწორედ ამიტომ, CENN და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers’ Association ახორციელებენ ახალ საინფორმაციო კამპანიას – „აგრიკულტურა – არა პლასტიკულტურა“. კამპანიის მიზანია ცირკულარული მიდგომების გამოყენებით, მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დამკვიდრებისა და ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების ხელშეწყობა ცნობიერების ამაღლების, ცოდნის გაზიარებისა და ინოვაციური ალტერნატივების გაცნობის გზით.

რატომ უნდა ვუთხრათ "არა" პლასტიკულტურას

 

 

არსებობს ტრადიციული პლასტიკის ჭკვიანი ალტერნატივა – სერტიფიცირებული ბიოდეგრადირებადი ფირები (მაგ. სიმინდის სახამებლის ბაზაზე).

როგორ მუშაობს?

მოსავლის აღების შემდეგ ფირი ნიადაგშივე იხვნება.

შედეგი: მიკროორგანიზმების დახმარებით ის სრულად იშლება წყლად და ბიომასად 

სარგებელი: ნულოვანი მიკროპლასტიკი და 0 ლარი მულჩის აყრისა თუ ტრანსპორტირებისთვის.

დაზოგე დრო და ენერგია – აირჩიე მულჩი, რომელიც ნიადაგს კვებავს!

რატომ ჯდება „იაფიანი“ მულჩი უფრო ძვირი.

ტექნოლოგიური რეალობა: ბაზარზე ყველაზე გავრცელებული მსუბუქი ხვეულები ერთი შეხედვით ეკონომიურია, თუმცა მათი სიმარტივე სეზონის ბოლოს დიდ პრობლემას ქმნის.

მთავარი გამოწვევა: დაბალი ხარისხის (50 მიკრონზე ნაკლები სისქის) პლასტიკის ფირი მოსავლის აღებამდე იშლება. მისი ახვევა და ნაკვეთიდან გამოტანა თითქმის შეუძლებელი ხდება, რადგან ხელით შეხებისას იხევა და ნაფლეთები მიწაში რჩება.

ეკონომიკური ანალიზი: 100 ლარის დაზოგვა ყიდვისას ხშირად ნიშნავს 150+ ლარის გადახდას მუშებისთვის მის ამოსაკრეფად, ან გაფუჭებულ ნიადაგს, რომლის დამუშავებაც (ხვნა) მომავალში რთულდება.

გამოსავალი: ხარისხიანი და სქელი მულჩი (50 მიკრონი სისქის): ის არ იხევა, მარტივად ამოდის აგრეგატითაც და ხელითაც, რაც ნაკვეთს სრულად ასუფთავებს და დროს გიზოგავთ.

 

 

პლასტიკის ღია ცეცხლზე დაწვა, განსაკუთრებით მინდორში, სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს.

წვის დროს ჰაერში გამოიყოფა საშიში ტოქსიკური ნივთიერებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ცეცხლი იწვევს ნიადაგის თერმულ დაზიანებას და ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიებს. პლასტიკი სრულად არ იწვება და რჩება ნამწვავის ნარჩენები.

პლასტიკის დაწვა ხელს უწყობს ნახშირორჟანგის გამოყოფას, რაც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

გაუფრთხილდით ჰაერს, რომლსაც ვსუნთქავთ და ნიადაგს, რომელიც მოსავალს გვაძლევს.

 „აგრიკულტურა“ თუ „პლასტიკულტურა“?

მსოფლიოში სოფლის მეურნეობაში პლასტიკის მასიურ გამოყენებას (მულჩის ფირები, წვეთოვანი სისტემები, სათბურის საფარები) უკვე „პლასტიკულტურას“ (Plasticulture) უწოდებენ.

საქართველოში ამ მეთოდის გავლენა ნიადაგსა და ბიომრავალფეროვნებაზე ჯერ შესწავლილი არ არის, თუმცა რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის, რომ ნიადაგში მოხვედრილი პლასტიკი არ დეგრადირდება და მისი საკვებ პროდუქტებთან შემხებლობა შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს როგორც პროდუქტის ხარისხს, ისე ჩვენს ჯანმრთელობას.

ერთი მხრივ, პლასტიკის მულჩის ფირების გამოყენება მოსავლიანობას ეხმარება, მაგრამ, მეორე მხრივ, მათი ნიადაგში დატოვება ან არასწორი განკარგვა გრძელვადიან საფრთხეს უქმნის მიწის ნაყოფიერება

საქართველოში პლასტიკის მულჩით დამუშავებული ფართობების ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა საყურადღებო ტენდენციას აჩვენებს: ბოლო 10 წელიწადში შესაბამისი მასალების იმპორტი დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა. 

ეს ზრდა მიუთითებს, რომ პლასტიკის მულჩი ჩვენი სოფლის მეურნეობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ერთი მხრივ, მისი გამოყენება ამცირებს ჰერბიციდების საჭიროებას სარეველა ბალახის წინააღმდეგ, რაც პოზიტიური გარემოებაა.

თუმცა, ასეთი მასშტაბური მოხმარება ჩვენგან მეტ სიფრთხილესა და ნარჩენების სწორ მართვას მოითხოვს. რაც უფრო მეტ პლასტიკს ვიყენებთ, მით უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი უსაფრთხოდ მართვა, რათა არ დავაზიანოთ ჩვენი მთავარი ბუნებრივი რესურსები – ნიადაგი და ჰაერი. ამ პარკების არასწორი განადგურება (დაწვა) იწვევს ჰაერის ტოქსიკურ დაბინძურებას, რაც საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას.