რა არის ცირკულარული ეკონომიკა
ცირკულარული ეკონომიკა ეფუძნება ნარჩენების თავიდან აცილების, რესურსების ხანგრძლივი გამოყენებისა და აღდგენის პრინციპებს, სწორედ ისე, როგორც ეს ბუნებრივ ეკოსისტემებში ხდება.
ჩვენი მისიაა ახალი ეკონომიკური მოდელის დამკვიდრება, რომელიც პრიორიტეტს მიანიჭებს მასალების გონივრულ გამოყენებას, გაახანგრძლივებს პროდუქტების სასიცოცხლო ციკლს და ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას.
ინდუსტრიების მიერ საერთო რესურების გამოყენებით, ეს მიდგომა ქმნის ინოვაციურ ეკოსისტემას მდგრადი განვითარებისთვის.
აღმოაჩინეთ ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის წევრები — ბიზნესები, რომლებიც საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკას ქმნიან.
ინდუსტრიული სიმბიოზი — გზა ცირკულარული ეკონომიკისკენ
ინდუსტრიული სიმბიოზი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სტრატეგიაა ცირკულარული და რესურსეფექტური ეკონომიკის შესაქმნელად. კონცეფცია დაფუძნებულია მრეწველობის დარგებს შორის თანამშრომლობაზე, რომელიც ერთმანეთის პროდუქტებისა და რესურსების გამოყენებას მოიაზრებს. ამ მიდგომით შეგვიძლია ის, რაც სხვა შემთხვევაში ნარჩენად იქცეოდა, ახალი წარმოებისათვის ღირებულ ნედლეულად გარდავქმნათ.
არსებითად, ინდუსტრიული სიმბიოზი ბუნებრივი ეკოსისტემების იმიტაციაა, სადაც არაფერი იკარგება და ყველა პროდუქტი ახალ რესურსად იქცევა. ინდუსტრიულ სიმბიოზში მონაწილე კომპანიები ერთმანეთში ცვლიან მასალებს, ენერგიას, წყალს ან მომსახურებას, რაც როგორც გარემოს, ისე ეკონომიკასაც არგებს. ეს მიდგომა ხელს უწყობს ნედლეულის მოხმარების შემცირებას, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, სათბურის გაზების ემისიის კლებას და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ხარჯების დაზოგვისა და ინოვაციის გზით.
მთელი ევროპის მასშტაბით, ინდუსტრიული სიმბიოზი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის არსებითი წინაპირობა გახდა. ევროკავშირის მრავალმა ქვეყანამ მსგავსი პრაქტიკები თავის ეროვნულ ეკონომიკის სტრატეგიებში გააერთიანა, მხარს უჭერს რა თანამშრომლობას კომპანიებს, მუნიციპალიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებს შორის. ქსელები და ციფრული პლატფორმები ხელს უწყობენ ამ პროცესს პოტენციური პარტნიორების დაკავშირებითა და სხვადასხვა სექტორსა და რეგიონს შორის სინერგიების გამოვლენით.
კონცეფციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშირის კლასტერული თანამშრომლობის ვებგვერდი: https://www.clustercollaboration.eu/is-tooklit
ამ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, CENN-მა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „წრიული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, ჩამოაყალიბა ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი. ქსელი ხელს უწყობს ბიზნესსუბიექტებსა და სექტორულ ასოციაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და პარტნიორობას, რათა საფუძველი ჩაეყაროს ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა მასალების გაცვლა და დახურული ციკლის შექმნა. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას, ნარჩენების შემცირებას და ბიზნესპროცესების მდგრადობის გაძლიერებას.
ქსელის გაფართოების მიზნით, პროექტი სწავლოს აჭარისა და კახეთის რეგიონებში არსებულ ბიზნესებს, აანალიზებს მათ რესურსებსა და ნარჩენ პროდუქტებს, როგორ იყენებენ საწარმოები რესურსებს, მართავენ წარმოების პროცესებს და უმკლავდებიან ნარჩენების წარმოქმნას. პროექტი ეხმარება კომპანიებს პოტენციური სინერგიების იდენტიფიცირებაში, რათა წახალისდეს თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების პრევენციასა და წრიული ეკონომიკის განვითარებას.
ინდუსტრიული სიმბიოზი ნათლად ადასტურებს, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და ეკონომიკური ზრდა ერთმანეთთან შეთავსებადია — ეს მიდგომა ინდუსტრიებს საერთო რესურსების ეფექტურად გამოყენებაში ეხმარება და კერძო სექტორს ინოვაციურ ეკოსისტემად გარდაქმნის.
გადადით ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის გვერდზე, გაეცანით ჩვენს წევრ კომპანიებს და აღმოაჩინეთ ბიზნესების, რომელიც საქართველოს ცირკულარულ მომავალს ქმნის.
ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები
თავისი არსით, ცირკულარული ეკონომიკა წარმოადგენს რეგენერაციულ მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს მასალების ნარჩენებად ქცევის თავიდან აცილებას და ბუნებრივი ეკოსისტემების აქტიურ აღდგენას. ის არღვევს ტრადიციულ კავშირს ეკონომიკურ ზრდასა და ამოწურვადი რესურსების მოხმარებას შორის და გვთავაზობს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ისეთი მწვავე გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა, დაბინძურება და რესურსების დეფიციტი.
ამის საპირისპიროდ, წრფივი “მოიპოვე – აწარმოე – გამოიყენე – გადააგდე“ ეკონომიკური მოდელი ხასიათდება ჭარბი რესურსების მოპოვებით, მაღალი მოხმარებით და ნარჩენების მასობრივი დაგროვებით. დღესდღეობით, ყოველწლიურად გლობალურ ეკონომიკაში შემავალი 100 მილიარდი ტონა მასალიდან მხოლოდ 8.6% ბრუნდება სისტემაში ხელახალი გამოყენებისთვის. დანარჩენი იკარგება – რჩება გრძელვადიანი დანიშნულების ისეთ ობიექტებში, როგორიცაა შენობები და ინფრასტრუქტურა, დაბინძურების გზით ხვდება გარემოში ან იყრება ნაგავსაყრელზე.
ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრით, პროდუქტებისა და მასალების ხანგრძლივად შენარჩუნებით და ბუნებრივი სისტემების აქტიური აღდგენით, ცირკულარული ეკონომიკა ცდილობს გარდატეხა შეიტანოს ამ პროცესში.
წრფივი მოდელიდან ცირკულარული ეკონომიკაზე გადასვლა შესაძლებელს ხდის ისეთი კრიტიკული რისკების მოგვარებას, როგორებიცაა რესურსების დეფიციტი, გლობალური ტემპერატურის ზრდა და ბაზრის რყევებით გამოწვეული ბიზნეს გამოწვევები, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს უფრო მდგრად და წარმატებულ მომავალს როგორც ადამიანებისთვის, ისე გარემოსთვის.

ცირკულარული ეკონომიკა სამ ძირითად პრინციპზეა დაფუძნებული. სამივე პრინციპი ეყრდნობა გააზრებულ და მიზანმიმართულ დიზაინს, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ნარჩენების დაგროვებას და გარემოზე ზიანს:
- ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრა
- პროდუქტებისა და მასალების ბრუნვა მათი თავდაპირველი ღირებულების მაქსიმალურად შენარჩუნებით
- ბუნების რეგენერაცია/აღდგენა.
არსებული სისტემების ამ პრინციპების ჭრილში გადააზრებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უფრო მძლავრი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკა – ისეთი, რომელიც ადამიანებისა და გარემოს მიმართ ჰარმონიული დამოკიდებულებით შექმნის უკეთეს ხვალინდელ დღეს ყველასთვის.

ცირკულარული ეკონომიკის ფუნდამენტური საყრდენები:
ცირკულარულ ეკონომიკურ მოდელზე წარმატებული გადასვლა მოითხოვს საზოგადოების საერთო ხედვასა და ერთგულ დამოკიდებულებას რამდენიმე მნიშვნელოვან პრაქტიკასთან მიმართებაში.
მდგრადი რესურსების მოპოვება:
პირველადი ბუნებრივი ნედლეულის ნაცვლად, გადამუშავებულ, განახლებულ ან პასუხისმგებლობით მოპოვებული მასალებისთვის უპირატესობის მინიჭებას.
ცირკულარული დიზაინი:
პროდუქტების შექმნა გამძლეობის, მოდულურობის, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების პოტენციალის გათვალისწინებით, მათი სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებისა და ექსპლუატაციის დასასრულის გამარტივებული მართვის მიზნით.
შენარჩუნება და შეკეთება:
იმგვარი სისტემებისა და სერვისების მხარდაჭერა, რომლებიც პროდუქტების ნაადრევად გადაგდების ნაცვლად, უზრუნველყოფენ მათი ფუნქციონირების გრძელვადიან შენარჩუნებას —იქნება ეს მათი თავდაპირველი დანიშნულებით გამოყენება თუ ადაპტაცია.
განახლება და ხელახალი გამოყენება:
პროდუქტებისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭება მათი გაწმენდის, განახლების ან ახალი დანიშნულებით გამოყენების გზით უნარჩუნებს მათ ფუნქციურობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ამავდროულად ზოგავს რესურსებს.
გადამუშავება:
ახალი პროდუქტების წარმოების მიზნით, გამოყენებული მასალების დაშლა და მათი ნედლეულ კომპონენტებად გარდაქმნა, მნიშვნელოვნად ამცირებს პირველადი მასალების გამოყენების საჭიროებას.
წრიული მიწოდების ჯაჭვები:
განახლებადი, ბიოდეგრადირებადი ან გადამუშავებული მასალების გამოყენება წარმოების მთელ ციკლში, გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად.
ენერგიის მოპოვება:
როდესაც პროდუქტის ხელახალი გამოყენება ან გადამუშავება შეუძლებელია, ნარჩენების ენერგიად გარდაქმნა ხელს უწყობს პროდუქტის ღირებულების აღდგენას და მინიმუმამდე ამცირებს ნაგავსაყრელების გამოყენებას.
პეპლის დიაგრამა
წრიული ეკონომიკის მოდელი ხშირად ილუსტრირებულია ე.წ. „პეპლის დიაგრამით“, რომელიც ასახავს მასალების უწყვეტ მიმოქცევას ორ განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებულ ციკლში: ტექნიკურ და ბიოლოგიურ ციკლებში.
ტექნიკურ ციკლში, პროდუქტები და მასალები რჩებიან მოხმარებასა და მიმოქცევაში ხელახალი გამოყენების, შეკეთების, ხელახალი წარმოებისა და გადამუშავების პროცესების მეშვეობით, რითაც ინარჩუნებენ ღირებულებას მაქსიმალურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ბიოლოგიურ ციკლში, ბიოდეგრადირებადი მასალები უსაფრთხოდ ბრუნდება ბუნებაში, სადაც მათში არსებული საკვები ნივთიერებები ხელს უწყობს ეკოსისტემების აღდგენას და რეგენერაციას.
გაიგე მეტი პეპლის დიაგრამის ორივე ელემენტის ბიოლოგიური და ტექნიკური ციკლების შესახებ: https://www.ellenmacarthurfoundation.org/circular-economy-diagram
დიზაინი, როგორც გადააზრების ეტაპი
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა – ტანსაცმელი, შენობები, ნივთები – ადამიანის დიზაინის ნაყოფია. თუმცა, ახალი პროდუქტის შექმნა მხოლოდ მისი ფუნქციურობის გააზრებით არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს მისი გრძელვადიანი გარემოსდაცვითი ეფექტიც. სწორედ აქ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას წრიული დიზაინი – მიდგომა, რომელიც ეყრდნობა წრიული ეკონომიკის ძირითად პრინციპებს: ნარჩენების აღმოფხვრას, მასალების ხელახალ გამოყენებას და ბუნების რეგენერაციას.
პროდუქტების უმეტესობა დღესდღეობით წრფივი მოდელის მიხედვით იქმნება, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის დიზაინის გადააზრებას ცირკულარული ხედვის ჭრილში. ცირკულარული დიზაინის პროცესი მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:
- გაგება – მომხმარებლის საჭიროებების, თანამედროვე გამოწვევების და სისტემების სრულფასოვანი გააზრება
- განსაზღვრა – პროდუქტის დიზაინის ეტაპზე შესაძლო პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება
- შექმნა – პროტოტიპებისა და ალტერნატივების შემუშავება
- გაშვება – მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტის მიწოდება
ყოველ ეტაპზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ როგორც მომხმარებლის საჭიროებები, ისე პროდუქტის შესაძლო ზემოქმედება გარემოზე. ეს მიდგომა ცირკულარული დიზაინის საყრდენ პრინციპს წარმოადგენს და ხელს უწყობს მდგრადი, სისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მოძიებას.
ცირკულარული დიზაინის ძირითადი სტრატეგიები:
პროდუქტიდან სერვისამდე
საკუთრებიდან მომსახურების მოდელებზე გადასვლა (მაგალითად, იჯარით სარგებლობა ან დაბრუნების სქემები) ხელს უწყობს პროდუქტის უფრო ხანგრძლივ გამოყენებას და რესურსების დაბრუნებას სისტემაში.
პროდუქტის ხანგრძლივობა
გამძლეობასა და ადაპტირებადობაზე ორიენტირებული დიზაინი ზრდის პროდუქტის გამოყენების ხანგრძლივობას და ამცირებს მუდმივი ჩანაცვლების საჭიროებას.
მასალა
ყველა მასალა არ არის შესაფერისი ცირკულარული სისტემებისთვის – არატოქსიკური, მარტივად გადამუშავებადი მასალების არჩევა აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებისთვის.
დემატერიალიზაცია
ეს მიდგომა ამცირებს ფიზიკური რესურსების გამოყენებას, ხშირად ციფრულ პროდუქტზე გადასვლის გზით. ამის მაგალითებია ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Spotify ან Netflix.
მოდულარული დიზაინი
პროდუქტები, რომლებიც ადვილად შესაცვლელი ან განახლებადი კომპონენტებისგან მზადდება, უფრო ადვილად ექვემდებარება შეკეთებას ან ხელახლა გამოყენებას, რაც მინიმუმამდე ამცირებს ნარჩენებს.
ყველა ეს სტრატეგია ერთად ქმნის მომავალზე ორიენტირებული დიზაინის საფუძველს, რაც წრიული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მათი დანერგვით, მწარმოებლები ხელს უწყობენ უფრო მდგრადი, გამძლე და რესურსეფექტიანი სამყაროს შექმნას.
ბიზნესში ცირკულარულობის დანერგვის ეტაპები
ჩვენ მიერ მოხმარებული პროდუქტების უმრვალესობა საბოლოოდ ნაგავსაყრელებზე ხვდება, სადაც წლების განმავლობაში რჩება, აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. წრიული ეკონომიკა ალტერნატივას გვთავაზობს: მასალების სისტემაში შენარჩუნებას ნარჩენების ახალ რესურსებად გარდაქმნის გზით. ამ მოდელში ერთ-ერთი მთავარი მიდგომაა R-სტრატეგია, რომელიც ახდენს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ფაზის—დიზაინის, მოხმარებისა და ექსპლუატაციის დასრულების— თავიდან გადააზრებას 10 ძირითადი პრინციპის მიხედვით.

მოკლე ციკლი – უარყოფიდან შეკეთებამდე
მოკლე ციკლი მიზნად ისახავს პროდუქტის პირვანდელი ფორმისა და ფუნქციის მაქსიმალურად შენარჩუნებას, რაც ახანგრძლივებს პროდუქტის თავდაპირველი დანიშნულებით გამოყენებას მინიმალური ცვლილებით. ეს ციკლი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- უარყოფა: უარის თქმა ახალი რესურსების მოხმარებაზე და გამოყენებული ან უკვე არსებული მასალებისთვის უპირატესობის მინიჭება.
- შემცირება: გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, წარმოებისა და მოხმარების პროცესში მასალების რაოდენობის მინიმიზაცია.
- გადაყიდვა/ხელახალი გამოყენება: მცირეოდენი მოდიფიკაციის შემდეგ, მეორადი პროდუქციის ბაზარზე დაბრუნება
- შეკეთება: ოდნავ დაზიანებული პროდუქტის გადაგდების ნაცვლად, ნაწილების გამოცვლა ან შეკეთება
საშუალო ციკლი – განახლებიდან ახალი დანიშნულების მიცემამდე
ეს ბიზნესზე ორიენტირებული სტრატეგიები ხელს უწყობს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას ან მისთვის ახალი ფუნქციების მინიჭებას:
- განახლება: პროდუქტის სხვადასხვა კომპონენტის განახლება ან გადაწყობა მისი ძრითადი სტრუქტურის შენარჩუნებით.
- ხელახლა წარმოება: პროდუქტის დაშლა და ხელახლა აწყობა, მისი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების მიზნით.
- ახალი დანიშნულების მიცემა: ნივთისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება, მისი სხვა დანიშნულების ნივთად გარდაქმნით (მაგ., მინის ბოთლის ჭიქად გარდაქმნა).
გრძელი ციკლი – გადამუშავებიდან ხელახლა მოპოვებამდე
ეს პროცესები მიზნად ისახავს მასალების დაბრუნებას სისტემაში მაშინ, როცა მათი ხელახალი გამოყენება შეუძლებელია, რაც ხშირად გულისხმობს პროდუქტის ფორმის შეცვლას:
- გადამუშავება: ნარჩენების გარდაქმნა ახალ ნედლეულად, რაც ხშირად იწვევს პროდუქტის პირვანდელი სტრუქტურის დაკარგვას.
- აღდგენა: ენერგიის მიღება ნარჩენებისგან წვის ან ბიომასის გამოყენების გზით.
- ხელახლა მოპოვება: ღირებული მასალების ამოღება ნაგავსაყრელებიდან ან ნარჩენების დაგროვების ადგილებიდან.
10R სტრატეგიები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: მომხმარებლის ქცევა, ბიზნესის განახლება და მასალების აღდგენა. წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა ნიშნავს პროდუქტების დიზაინის, გამოყენებისა და ღირებულების მიმართ მიდგომის შეცვლას. ამ სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვა არა მხოლოდ გარემოს დაცვას უწყობს ხელს, არამედ ახალ შესაძლებლობებს ქმნის ინოვაციებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.
გავლენის შეფასების ჩარჩოები ცირკულარული ეკონომიკისთვის
იმის გასარკვევად, რამდენად რეალური სარგებელი მოაქვს წრიული ეკონომიკის ინიციატივებს ადამიანებისა და პლანეტისთვის, შესაძლებელია რამდენიმე ფართოდ აღიარებული ჩარჩოს გამოყენება. ეს ჩარჩოები გთავაზობენ სტრუქტურირებულ მიდგომებს ამგვარი აქტივობების მასშტაბური ზემოქმედების გასაზომად და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სწორად ორიენტირებისთვის.
1. პლანეტარული საზღვრების ჩარჩო
სტოკჰოლმის მდგრადობის ცენტრის მიერ შემუშავებული პლანეტარული საზღვრების ჩარჩო ადგენს ცხრა კრიტიკულ ზღვარს, რომლებიც განსაზღვრავენ კაცობრიობისთვის „უსაფრთხო მოქმედების სივრცეს“. ამ საზღვარებში დარჩენა უზრუნველყოფს პლანეტის სიცოცხლისუნარიანობას და ადამიანის განვითარებას თაობიდან თაობამდე მომავალში. ეს ჩარჩო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია წრიული ეკონომიკის სტრატეგიების მასშტაბური გარემოსდაცვითი ეფექტიანობის შეფასებისთვის.
→ გაიგეთ მეტი: https://www.stockholmresilience.org/research/planetary-boundaries.html
2. მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) და ინდიკატორები
მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDG), რომლებიც 200-ზე მეტ გაზომვად ინდიკატორს მოიცავს, მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადობის გლობალურ გეგმას წარმოადგენს. მართალია რამოდენიმე მიზანი, მაგალითად მიზანი 12, რომელიც პასუხისმგებლიან მოხმარებას და წარმოებას გულისხმობს, პირდაპირ კავშირშია წრიული ეკონომიკის პრინციპებთან, ყველა დანარჩენი მიზანი ურთიერთდაკავშირებულია და თანაბრად აქტუალურია.
ეს ჩარჩო აჩვენებს, რამდენად თანხვედრაშია წრიული ეკონომიკის ინიციატივები მდგრადი განვითარებისთვის საჭირო გლობალურ მიზნებთან და რა წვლილი შეაქვთ მათ ფართომასშტაბიანი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ამოცანების შესრულებაში.
→ გაიგეთ მეტი: https://unstats.un.org/sdgs/indicators/indicators-list/
3. დონატის ეკონომიკა
დონატის ეკონომიკა პლანეტარული საზღვრების ჩარჩოთი განსაზღვრულ ეკოლოგიურ ზღვარს სოციალური საფუძვლებს ამატებს. ეს მოდელი აღწერს უსაფრთხო და სამართლიან სივრცეს, სადაც ადამიანის ძირითადი საჭიროებები კმაყოფილდება ზღვრული დასაშვებადობის ფარგლებში, ისე, რომ არ ირღვევა ეკოსისტემის ბუნებრივი წონასწორობა. ეს ჰოლისტური მიდგომა სულ უფრო ხშირად გამოიყენება წრიული სტრატეგიების შეფასებისთვის – როგორც სოციალური თანასწორობის, ისე ეკოლოგიური მდგრადობის კუთხით.
→ გაიგეთ მეტი: https://doughnuteconomics.org/about-doughnut-economics
გაიგე მეტი ცირკულარული ეკონომიკის შესახებ
ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი კონცეფციების, ჩარჩოების, რეალური მაგალითების თუ სამოქმედო გეგმების შესახებ ხელმისაწვდომი უამრავი რესურსიდან, აქ თავი მოვუყარეთ ყველაზე მნიშვნელოვან ვებსაიტებს, რომლებიც თემის უფრო სიღრმისეულად შესწავლაში დაგეხმარებათ:
https://www.ellenmacarthurfoundation.org/
https://www.circle-economy.com/
https://www.europarl.europa.eu/topics/en/topic/circular-economy
სასწავლო კურსები
მიიღეთ წვდომა ჩვენს ვიდეო გაკვეთილებზე
აღმოაჩინე აქტუალური რესურსები ცირკულარული ეკონომიკის შესახებ.
მწვანე მეწარმეობა (GREENT-ის დამხმარე საკითხავი მასალა)
მწვანე მეწარმეობა (GREENT-ის დამხმარე საკითხავი მასალა)
მწვანე მეწარმეობა (სტუდენტების საკითხავი მასალა)
მწვანე მეწარმეობა (სტუდენტების საკითხავი მასალა)
გზამკვლევი სკოლაში ნარჩენების აუდიტის ჩასატარებლად
გზამკვლევი სკოლაში ნარჩენების აუდიტის ჩასატარებლად
ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის გზამკვლევი
ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის გზამკვლევი
ცვლილება სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში
ცვლილება სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში
სახელმძღვანელო ბიზნესში მრავალჯერადი შეფუთვის სისტემების დანერგვისთვის
სახელმძღვანელო ბიზნესში მრავალჯერადი შეფუთვის სისტემების დანერგვისთვის
გსურთ დაგვიკავშირდეთ ან იყოთ ინფორმირებული?
მოგვწერეთ წერილი: info@cenn.org
ან გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები: სიახლეების გამოწერა
დარჩით კავშირზე და პირველებმა გაიგეთ საქართველოში ახალი რესურსების, ღონისძიებებისა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ.