სურსათის დანაკარგი, ნარჩენი და კლიმატის ცვლილება
სურსათის სისტემები მოიცავს იმ აქტორების, საქმიანობებისა და ინსტიტუციების ფართო სპექტრს, რომლებიც მონაწილეობენ სურსათის წარმოებაში, გადამუშავებაში, განაწილებაში, მოხმარებასა და ნარჩენების მართვაში. მდგრადი სურსათის სისტემა უზრუნველყოფს სურსათის უსაფრთხოებასა და საკვების მიწოდებას ყველასთვის ისე, რომ არ დაარღვიოს მომავალი თაობებისთვის საჭირო გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები. თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში განვითარებულმა ცვლილებებმა სურსათის სისტემების მდგრადობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. მათ შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების ზრდა, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს პლანეტის ეკოლოგიურ მთლიანობას, ამცირებს ეკონომიკურ ეფექტიანობას და ამწვავებს სოციალურ უთანასწორობას.
სურსათის წრფივი სისტემა და გარემოს დეგრადაცია
თანამედროვე სურსათის სისტემა მოქმედებს წრფივი მოდელის „მოპოვება, წარმოება, გადაყრა“ პრინციპით, რაც გულისხმობს შეზღუდული ბუნებრივი რესურსების მოპოვებას და შემდგომ მათ ნარჩენებად ქცევას.
- გლობალურად წარმოებული საკვების დაახლოებით ერთი მესამედი ყოველწლიურად იკარგება ან ნარჩენად იქცევა, რაც ყოველ ერთ წამში ექვსი სატვირთო მანქანის მოცულობის ვარგისი საკვების დაკარგვას ნიშნავს.
- ყოველდღიურად მილიარდზე მეტი ულუფა საკვები მოხმარების გარეშე რჩება, რაც ზედმეტი წარმოების, პროდუქტის გაფუჭებისა და კვების არაეფექტიანი დაგეგმვის შედეგია.
- 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მსოფლიოში 931 მილიონი ტონა სურსათის ნარჩენი დაფიქსირდა: 61% საყოფაცხოვრებო დონეზე, 26% საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ხოლო 13% საცალო ვაჭრობის სექტორში. ამასთან, სურსათის გლობალური წარმოების დაახლოებით 14% იკარგება საცალო ვაჭრობის ეტაპამდე.
- გლობალური მასშტაბით, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წონით მოცულობაში ყველაზე დიდი წილი 44% ხილსა და ბოსტნეულზე მოდის.
- საყოფაცხოვრებო ნარჩენებსა და თანაპროდუქტებში არსებული საკვები ნივთიერებების მხოლოდ 2%-ზე ნაკლები აღდგება და გამოიყენება ხელახლა.
ინტენსიური აგრარული წარმოება მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს ბუნებრივ ეკოსისტემებზე: ხელს უწყობს ნიადაგის დეგრადაციასა და პროდუქტიულობის შემცირებას, ხოლო მტკნარი წყლის გლობალური მოხმარების დაახლოებით 70% ამ სექტორზე მოდის. სინთეზურ სასუქებსა და პესტიციდებზე დამოკიდებულება იწვევს წყლის დაბინძურებასა და ბიომრავალფეროვნების შემცირებას.
სურსათის დანაკარგი თუ სურსათის ნარჩენი?
პრობლემის მასშტაბისა და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მნიშვნელოვანია სურსათის დანაკარგისა და სურსათის ნარჩენების ერთმანეთისგან გამიჯვნა:
- სურსათის დანაკარგი ხდება საცალო ვაჭრობამდე და ძირითადად განპირობებულია ტექნიკური, ინფრასტრუქტურული ან სისტემური პრობლემებით. მაგალითებია: სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მოსავლის აღების პროცესში, პროდუქტის დაზიანება ტრანსპორტირებისას, და გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი დანაკარგები მოძველებული ტექნიკური აღჭურვილობის გამო.
- სურსათის ნარჩენები ხდება საცალო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და საყოფაცხოვრებო დონეზე და მჭიდროდ არის დაკავშირებული მომხმარებელთა ქცევებსა და გადაწყვეტილებებთან. მაგალითებია: სუპერმარკეტების მიერ არარეალიზებული პროდუქციის გადაყრა, რესტორნების მიერ ჭარბად მომზადებული კერძები, და საყოფაცხოვრებო დონეზე საკვების გადაყრა ჭარბად შეძენის ან არასათანადო პირობებში შენახვის გამო.
სურსათის ღირებულებათა ჯაჭვი და მისი ეტაპები
სურსათის ღირებულებათა ჯაჭვი უშუალო კავშირშია სურსათის დანაკარგებთან და ნარჩენებთან, ვინაიდან ჯაჭვის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი არაეფექტიანი პრაქტიკები სისტემის მასშტაბით მნიშვნელოვან დანაკარგებს წარმოქმნის. ჯაჭვის ძირითადი ეტაპებია:
წარმოება, ტრანსპორტირება/შენახვა, გადამუშავება, საბითუმო/საცალო ვაჭრობა, საზოგადოებრივი კვების სერვისები, მოხმარება.
ღირებულებათა ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები ურთიერთდაკავშირებულია. მაგალითად, ადრეულ ეტაპებზე გამოვლენილი დანაკარგები ხშირად განპირობებულია საცალო და სამომხმარებლო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებებით (როგორიცაა მოთხოვნის არაზუსტი პროგნოზირება და მკაცრი ვიზუალურ-ესთეთიკური სტანდარტები), ხოლო სამომხმარებლო დონეზე არსებული ნარჩენები შესაძლოა უკავშირდებოდეს არასათანადო შეფუთვასა და ტრანსპორტირებას.
სურსათის დანაკარგისა და ნარჩენების გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური ეფექტები
სურსათის დანაკარგები და ნარჩენები რომ ცალკეულ ქვეყნად წარმოვიდგინოთ, ის სათბური გაზების ემისიების რიგით მესამე უმსხვილესი წყარო იქნებოდა. სურსათის ნარჩენები მძიმე ტვირთად აწვება ნარჩენების მართვის სისტემებს, აუარესებს სურსათის უსაფრთხოებას და ამწვავებს სამმაგ პლანეტარულ კრიზისს: კლიმატის ცვლილებას, ბიომრავალფეროვნების შემცირებას, გარემოს დაბინძურებასა და ნარჩენების ზრდას.
სურსათის ნარჩენები გლობალური სათბური გაზების ემისიების 10 პროცენტამდეა პასუხისმგებელი (თითქმის ხუთჯერ მეტი, ვიდრე ავიაციის სექტორის ემისიები). განსაკუთრებით აღსანიშნავია მეთანი, რომელიც გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.
როდესაც ორგანული მატერია ნაგავსაყრელებზე ჟანგბადის გარეშე იშლება, ის მეთანს წარმოქმნის. მაგალითისათვის, საქართველოში ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების 60% სურსათის ნარჩენებია, რაც ნარჩენების ყველაზე მსხვილ ნაკადს წარმოადგენს. საკვებზე გაწეული თითოეული ერთეული ხარჯისთვის საზოგადოება დამატებით ფასს იხდის ჯანმრთელობის, გარემოს და ეკონომიკური ზიანის სახით.
სისტემის არაეფექტიანობას ნათლად აჩვენებს სოციალური კონტრასტი: მაშინ, როდესაც წარმოებული საკვების 40%-ზე მეტი მომხმარებლამდე ვერ აღწევს, მსოფლიოში დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი შიმშილობს.
პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პრევენცია
სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების გამომწვევი მიზეზები დაყოფილია სამ ძირითად დონედ:
- მიკრო დონე (ინდივიდუალური აქტორები): არასათანადო ქცევები, არასწორი მარკირება, ჭარბი წარმოება და ინფორმირებულობის ნაკლებობა.
- მეზო დონე (მიწოდების ჯაჭვები): არაეფექტიანი ლოგისტიკა და კოორდინაციის ნაკლებობა.
- მაკრო დონე (პოლიტიკა და მმართველობა): ზედმეტი წარმოების წამახალისებელი სუბსიდიები, დონაციის არასათანადო პოლიტიკა და ნარჩენების შემცირების სუსტი მექანიზმები.
მეთანის ემისიების შესამცირებლად უპირველესი გზა თავიდანვე სურსათის გადაყრის პრევენციაა. იმ ორგანული ნარჩენების შემთხვევაში, რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია, გადამწყვეტია მათი ჟანგბადით მდიდარ გარემოში სეპარაცია და კომპოსტირება, რაც ამცირებს მეთანის გამოყოფას. პრობლემის კომპლექსური გადაჭრა მოითხოვს წრფივი ეკონომიკური მოდელიდან ცირკულარულ პრინციპებზე გადასვლას.
შემდეგ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა ტიპის ცირკულარული ეკონომიკის მიდგომები არსებობს სასურსათო სისტემებში. გვადევნეთ თვალი!