კახეთის რეგიონისთვის, სადაც წამყვანი სექტორები აგრობიზნესი, მევენახეობა-მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმია, ნარჩენებისა და რესურსების სწორი მართვა კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს. ამ საჭიროებებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) საგანმანათლებლო ინოვაციებით პასუხობს. CENN-თან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტმა ცირკულარული ეკონომიკის საბაკალავრო კურსის სილაბუსი განაახლა, რაც საფუძველს უყრის ახალი თაობის ეკონომისტების ინოვაციური მიდგომებით მომზადებას .

„თესაუსა და CENN-ის თანამშრომლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტში თანამედროვე, ინტერდისციპლინური ცოდნის გაძლიერებას.“- აღნიშნავს ფაკულტეტის დეკანი, თამარ თამარაშვილი და განმარტავს, რომ „კახეთის ეკონომიკური პროფილის გათვალისწინებით, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის, აგრობიზნესისა და ტურიზმის სფეროებისთვის. განახლებული კურსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა დაუკავშირონ რეგიონის რეალურ გამოწვევებს – რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ნარჩენების შემცირებასა და მეორად გამოყენებას. განათლება ხელს უწყობს როგორც კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას, ისე რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.“

რა სიახლეები შევიდა სასწავლო პროგრამაში?

როგორც ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მაია ალადაშვილმა აღნიშნა, განახლებულ სილაბუსში ისეთი ფუნდამენტური საკითხები დაემატა, როგორიცაა 10R პრინციპები, სასიცოცხლო ციკლის ანალიზი, გაზიარების ეკონომიკა და ინდუსტრიული სიმბიოზი, რაც სტუდენტებს წრფივ და ცირკულარულ მოდელებს შორის განსხვავებისა და თანამედროვე გამოწვევების გააზრებაში ეხმარება.

მაია ალადაშვილი ხაზს უსვამს სწავლების პრაქტიკულ კომპონენტსაც და ამბობს, რომ ყველა სალექციო თემის განხილვისას მას მოჰყავს პრაქტიკული მაგალითები ბიზნესის ცირკულარული პროექტებიდან. პრაქტიკული დავალებებით სტუდენტები სწავლობენ, როგორ გახადონ ბიზნესი ცირკულარული, რაც მათ ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანებს ხდის.

მნიშვნელობა დასაქმების ბაზრისა და სტუდენტებისთვის

გლობალური ბაზრის მოთხოვნების კვალდაკვალ, ქართულ ბიზნესებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ კადრები, რომლებიც ფლობენ თანამედროვე უნარებს. როგორც დეკანი, თამარ თამარაშვილი აღნიშნავს, „ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების ცოდნა სტუდენტებს უვითარებს რესურსების ეფექტიანი მართვის, ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და მდგრადი ბიზნესმოდელების განვითარების უნარებს, რაც მათი დასაქმებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.“

სტუდენტები, რომლებიც ამ კურსს გაივლიან, იძენენ უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას; მათ შეუძლიათ ადგილობრივ კომპანიებს შესთავაზონ ხარჯების დაზოგვის, ნარჩენების შემცირებისა და რესურსების ეფექტიანად მართვის ინოვაციური მოდელები.

„სამომავლოდ, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული განათლების სისტემურ განვითარებას.“- ამბობს თამარ თამარაშვილი თესაუს სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცირკულარული ეკონომიკის სასწავლო პროგრამის განახლება წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისაკენ. თეორიული ცოდნისა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული მაგალითების ერთიანობა თესაუს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ ახალი თაობის ეკონომისტები და მენეჯერები, რომლებიც მზად არიან, შეიტანონ რეალური წვლილი ქვეყნის რესურსეფექტურ და გარემოსადმი პასუხისმგებლიან განვითარებაში.

პროექტის შესახებ

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მოიცავს კახეთისა და აჭარის რეგიონებს და ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე მწვანე ღირებულებათა ჯაჭვების შექმნასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებას.