ხელახალი გამოყენება (Reuse) არის ცირკულარული მოდელი, რომელიც გულისხმობს შეფუთვის ისეთ დიზაინსა და გამოყენების წესს, სადაც პროდუქტი საკუთარი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მრავალჯერადად იქნეს გამოყენებული იგივე დანიშნულებით. მრეწველობის ლიდერები ბიზნესიდან მომხმარებლამდე ხელახალი გამოყენების სისტემების ოთხ ძირითად მოდელს გამოყოფენ. ხელახალი გამოყენების სისტემა არ არის უნივერსალური, ის უნდა მოერგოს თქვენს ბიზნეს მოდელს და განისაზღვრება ორი მთავარი ფაქტორით: ვინ ფლობს შეფუთვას და სად ხდება მისი შევსება.
- მომხარებლის მიერ შეფუთვის დაბრუნება ყველაზე გავრცელებული მოდელია. არსებულ მოდელში ბიზნესი შეფუთვას თავად ფლობს და პროდუქტს დეპოზიტის ან ნდობის სისტემის საფუძველზე ყიდის. მომხმარებელი ცარიელ ტარას მაღაზიაში ან სპეციალურ აპარატში (RVM) ათავსებს, რომელიც შეფუთვის ღირებულებას უკან აბრუნებეს.
- სახლიდან დაბრუნება ელექტრონული კომეერციის ეპოქაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს პროდუქტს მრავალჯერადი ჩანთით ან ყუთით, რომელსაც კურიერი უკან იბრუნებს შემდეგი შეკვეთის მიწოდების დროს, ან თავად მომხმარებელი აბრუნებს საფოსტო ყუთის მეშვეობით. შეფუთვის გაწმენდასა და ხელახლა გამოყენებაზე ბიზნესი ან მიმწოდებელია პასუხისმგებელი.
- მომხმარებლის მიერ შეფუთვის ობიექტზე შევსება – ამ შემთხვევაში მომხმარებელი ფლობს მრავალჯერად შეფუთვას, რომელსაც მაღაზიაში განთავსებული დისპენსერებიდან სასურველი რაოდენობის პროდუქტით ავსებს და თავდვეა პასუხისმგებელი მის ჰიგიენურ მდგომარეობაზე. აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს შეფუთვის ხარჯებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეიძინოს საჭირო მოცულობის პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომ ფასად.
- სახლში შევსება ინოვაციური მიდგომაა, რომელიც ამცირებს როგორც ტრანსპორტირების ხარჯებს, ისე შეფუთვის ნარჩენებს, რადგან მომხმარებლამდე სრულად სავსე ბოთლების ნაცვლად მცირე მოცულობის პროდუქტი მიდის. მომხმარებელი ყიდულობს მრავალჯერად კონტეინერს ერთჯერადად, შემდგომ კი პერიოდულად იძენს კონცენტრატს. ამ დროს ბიზნესი უშუალოდ შევსებადი პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს.
საქართველოში შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემებს უკვე წარმატებით იყენებენ კომპანიები, რომლებმაც მრავალჯერადი შეფუთვების ცირკულაციით ათასობით ერთჯერადი ნარჩენის პრევენცია შეძლეს და რესურსების უფრო მდგრადი მართვის გზა აირჩიეს:
წვენების მწარმოებელმა კომპანია CAMPA-მ HoReCa სექტორში შუშის ბოთლების ხელახალი გამოყენების სისტემა დანერგა, რომლის ფარგლებშიც ცარიელი ბოთლები პარტნიორ ობიექტებში გროვდება, ბრუნდება საწარმოში, სადაც ირეცხება, სტერილიზდება, კონტროლის შემდეგ ხელახლა ივსება და კვლავ რეალიზდება. ამ ეტაპისთვის „კამპა“ თანამშრომლობს Cavea Cinema და Parki Ar Minda-სთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ბოთლებისდაბრუნების პროცესს.
მრავალფუნქციურმა სივრცე Fabrika-მ ერთჯერადი პლასტმასის ჭიქები მრავალჯერადი ჭიქებით ჩააანაცვლა. დეპოზიტის გარეშე, ნდობაზე დაფუძნებულმა მოდელმა, შეამცირა პლასტმასის ნარჩენები და დასუფთავების ხარჯები. სისტემის დანერგვამდე სივრცეში ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ერთჯერადი პლასტმასის ჭიქა იყრებოდა. ახალი ინიციატივის ფარგლებში, ობიექტები მომხმარებლებს სასმელებს სტანდარტიზებულ, მრავალჯერადი გამოყენების დარბენდილ ჭიქებში სთავაზობენ, რომელთა დაბრუნება შესაძლებელია „ფაბრიკის“ პარტნიორ ობიექტებში, რის შემდეგაც ჭიქები ირეცხება და ხელახალი გამოყენებისთვის მზადდება.
მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვა ახალი კონცეფცია არ არის, იგი ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული პრაქტიკა იყო, სანამ ერთჯერადი შეფუთვით ჩანაცვლდებოდა და აქცენტი პრობლემის პრევენციიდან ნარჩენების შემდგომ მართვაზე გადაინაცვლებდა. დღეს, როდესაც გადამუშავებისა და ნარჩენების მართვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები აშკარაა, მრავალჯერადი გამოყენება ბიზნეს სტრატეგიებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტად იქცა. ისეთი რეგულაციები, როგორიცაა PPWR, ადგენს ბიზნესისთვის მრავალჯერადი გამოყენების სავალდებულო მიზნებს. ამასთან, ნედლეულზე ფასების მზარდი დინამიკის ფონზე, მრავალჯერადი მოდელი უფრო მიმზიდველ ფინანსურ პერსპექტივად იქცევა საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის.
შეამოწმე შენი ცოდნა. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ Reuse მოდელს.
ქვიზი მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, CIRCOLUTION კამპანიის ფარგლებში. ცირკულარობის კამპანია „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.