11 თებერვალს აჭარის ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ცირკულარული მიდგომების დანერგვის კონკრეტული გზები და პლასტმასის შეფუთვების ჩანაცვლების ინოვაციური იდეები განიხილეს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო იმ შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესს რესურსების დაზოგვასა და ნარჩენების ახალ ბიზნესიდეად გარდაქმნაში დაეხმარება.
პლასტმასის ალტერნატივები და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობები
შეხვედრის პირველ ნაწილში ბიზნესსექტორმა ერთჯერადი შეფუთვების ჩანაცვლების სხვადასხვა სტრატეგია წარადგინა. დისკუსიაში მონაწილე მსხვილმა საცალო ვაჭრობის ობიექტებმა და HORECA სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რაც თან ახლავს სერვისებში მდგრადი შეფუთვების ინტეგრაციას.
განხილულ გადაწყვეტილებებს შორის გამოიკვეთა მრავალჯერადი გამოყენების სისტემები, რაც ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და ზოგავს ხარჯებს; ასევე თავად ინდუსტრიული სიმბიოზის მიდგომა, რაც ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას და ნარჩენების მართვის ერთობლივი მექანიზმების დანერგვას მოიაზრებს.
ცირკულარული ბიზნესმოდელები და რესურსების ეფექტიანობა
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის წევრმა ბიზნესებმა მათ მიერ დანერგილი ცირკულარული მიდგომები წარადგინეს. ადგილობრივმა მწარმოებლებმა გააზიარეს გამოცდილება ორგანული და სხვა ტიპის ნარჩენების ნაკადების ახალ რესურსად ქცევის მიმართულებით.
ქსელის წევრები მუშაობას განაგრძობენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა
- რესურსების გაზიარება: ერთ საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენის (მაგალითად, ნედლეულის გადამუშავებისას მიღებული ნარჩენები) გამოყენება სხვა სექტორის მიერ კომპოსტირების, ცხოველთა კვების ან მეორადი პროდუქტების წარმოებისთვის.
- დახურული ციკლის მართვა: ხელახალი გამოყენების სისტემების დანერგვა, რაც საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.
- ლოიალობის გაზრდა: გარემოსადმი პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვა ბიზნესს აძლევს უპირატესობას ბაზარზე პოზიციონირებისას და ზრდის კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობებს.
დისკუსიის დასკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილდა ცირკულარულ ბიზნესზე, როგორც ინვესტიციების მოზიდვისა და ბაზრის გაფართოების საშუალებაზე.
CENN გამოხატავს მზაობას, დაეხმაროს ბიზნესებს საჭიროებების იდენტიფიცირებაში, პარტნიორების მოძიებასა და მიზნობრივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაში.
საქართველოს ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის შესახებ
ინდუსტრიული სიმბიოზი ევროკავშირში აპრობირებული მიდგომაა, რომელიც ეხმარება კომპანიებს ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და მდგრადი მოდელების დანერგვაში.
რატომ უნდა გახდეთ ქსელის წევრი?
- ოპერაციული ოპტიმიზაცია: დახვეწილი პროცესები და შემცირებული ხარჯები.
- გამოცდილების გაზიარება: გაცვლითი ვიზიტები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
- ტექნიკური მხარდაჭერა: კონსულტაციები ინოვაციური ცირკულარული გადაწყვეტილებების დასანერგად.
- Networking & B2B: პირდაპირი კავშირი პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან.
- მაქსიმალური ხილვადობა: ბიზნესის პოპულარიზაცია მედიასა და სოციალურ ქსელებში.
შემოუერთდით ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელს ამ ბმულზე.
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც ახორციელებს CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით.