ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა ახალი პროექტის  „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“ განხორციელება დაიწყო. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გარემოსადმი მედეგი მომავლის შექმნას, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რესურსეფექტიანობის, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის ხელშეწყობისა და ნარჩენების წარმოქმნის მნიშვნელოვნად შემცირების გზით.

„ევროკავშირი ამაყობს, რომ მხარს უჭერს CENN-ს ამ ახალ ინიციატივაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრად განვითარებასა და გარემოსადმი მედეგობას. ეს პროექტი შესაბამისობაშია ევროპული მწვანე შეთანხმების მიზნებთან – მიღწეული იქნას კლიმატნეიტრალურობა რესურსეფექტიანობის, ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების განვითარების ხელშეწყობით. პროექტი ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კლიმატისადმი მედეგი თემების ჩამოყალიბებაში და ყველასთვის სამართლიანი და ინკლუზიური გარდაქმნის უზრუნველყოფაში. ამ ინიციატივით ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ადგილობრივი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ ინოვაციებს და თანამშრომლობას, დავძლიოთ გარემოსდაცვითი გამოწვევები, ამავდროულად შევქმნათ ეკონომიკური შესაძლებლობები და გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი“, – განაცხადა ლიზე ვანვეიმელბეკემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვის, კავშირის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საკითხების გუნდის ხელმძღვანელმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის საერთო ჯამი 1,799,849 ევროს შეადგენს, ხოლო მისი საქმიანობა, ნარჩენების ნაკადის სამ ძირითად ტიპზე იქნება მიმართული: შესაფუთი, ბიოდეგრადირებადი და სამშენებლო და დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი  ნარჩენები. ICLEI Europe-თან პარტნიორობით, პროექტის ფარგლებში, CENN იმუშავებს დაინტერესებული მხარეების უნარ-შესაძლებლობების გაძლიერებაზე, სექტორთაშორის და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას. რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის დანერგვისა და გამოყენების მიზნით, ინიციატივაში ჩაერთვებიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათი როლების შესაბამისად. სექტორის საჭიროებების, ზემოქმედების პოტენციალისა და პროცესების ინკლუზიურობის გათვალისწინებით, პროექტი იმუშავებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ქალთა ჯგუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების, მწარმოებელთა პასუხსიმგებლობის ორგანიზაციების, დონორებისა და სხვა საჯარო თუ კერძო სექტორის დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან.    

პროექტი, ასევე ხელს შეუწყობს სასწავლო მექანიზმების შექმნასა და განხორციელებას, ცირკულარული გადაწყვეტების პილოტირებას, საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას მდგრადი და მწვანე პრაქტიკის მიმართულებით ქცევითი ცვლილებების მისაღწევად. 

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კახეთის რეგიონში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის თითქმის არარსებობა აძლიერებს სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს ნარჩენების მართვის სექტორში. ნარჩენების უმეტესობა, ამჟამად, იყრება ნაგავსაყრელებზე, რასაც წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაში და ზრდის ზეწოლას ბუნებრივ რესურსებზე. CENN-ის დიდი გამოცდილებით ნარჩენების მართვაში და ICLEI Europe-თან – მდგრადი განვითარების მიმართულებით, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების მსოფლიოს წამყვან ქსელთან  – პარტნიორობით, მზად ვართ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების პროცესი ადგილობრივ დონეზე და მოვახდინოთ რეალური ცვლილებები ჩვენს რეგიონებში.“ – განაცხადა ნინო შავგულიძემ, CENN-ის ეკონომიკური და მწვანე ზრდის მიმართულებების ხელმძღვანელმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“ 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2028 წლის ბოლომდე გაგრძელდება. სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაძლიერებით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოებას, ემისიების შემცირებისა და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის გზით. 

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ინფორმაცია შესახებ მეტი იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/  

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ოთხწლიანი პროექტი  „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“ ხორციელდება CENN-ის მიერ, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გარემოსადმი მედეგი მომავლის შექმნა, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რესურსეფექტიანობის, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის ხელშეწყობისა და ნარჩენების წარმოქმნის მნიშვნელოვნად შემცირების გზით.