როგორ დავნერგოთ ცირკულარული იდეები ორგანიზაციაში: პრაქტიკული გზამკვლევი
ეს სტატია ეფუძნება Ellen MacArthur Foundation-ის სახელმძღვანელო სტატიას “წარადგინეთ ცირკულარული ეკონომიკის იდეა თქვენს ორგანიზაციაში”.
ოდესმე გქონიათ სურვილი, თქვენი ორგანიზაცია უფრო მდგრადი გაგეხადათ, მაგრამ არ იცოდით, როგორ წარგედგინათ ეს იდეა? თქვენ მარტო არ ხართ. ცირკულარული ეკონომიკა გვთავაზობს ბიზნესისადმი ახლებურ მიდგომას, რომელიც ამცირებს ნარჩენებს, ინარჩუნებს პროდუქტებსა და მასალებს ხმარებაში და ხელს უწყობს ბუნების აღდგენას.
კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენ არ გჭირდებათ იყოთ მდგრადობის ექსპერტი ამ იდეების სამუშაო ადგილზე დასანერგად. აი, როგორ მოამზადოთ დამაჯერებელი პრეზენტაცია, რომელიც ხალხს ცირკულარული აზროვნებით დააინტერესებს.
ნაბიჯი 1: იცნობდეთ თქვენს აუდიტორიას
სანამ უშუალოდ ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციის მომზადებაზე გადახვალთ, გააანალიზეთ, ვის ელაპარაკებით. თქვენი პრეზენტაცია მათ პრიორიტეტებს უნდა ეხმიანებოდეს.
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
- ვის წინაშე წარვადგენ იდეას? (დაიწყეთ თქვენი მენეჯერით)
- რა არის მათი მთავარი საფიქრალი სამუშაო პროცესში?
- რა არის მათი პირადი და პროფესიული მოტივაცია?
სხვადასხვა დეპარტამენტს განსხვავებული პრიორიტეტები აქვს. სტრატეგიული მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია ზრდა და კონკურენტული უპირატესობა, საოპერაციო გუნდისთვის – ხარჯების შემცირება და ეფექტურობა. მარკეტინგის დეპარტამენტს კი სურს “Gen Z” მომხმარებლების მიზიდვა და ბრენდის გარშემო ახალი ისტორიის შექმნა. მოარგეთ თქვენი გზავნილი მათ საჭიროებებს.
რჩევა: ცირკულარული ეკონომიკა ამბიციური და ინოვაციურია, და ამ ტრენდის სათავეში ყოფნამ შეიძლება ახალი გზები გაგიხსნათ როგორც ბიზნესში, ისე კარიერაში.
ნაბიჯი 2: შექმენით კონტექსტი
ცირკულარული ეკონომიკა აღარ არის მხოლოდ თეორიული კონცეფცია. წარმოაჩინეთ თქვენი იდეა ხელშესახები ფორმით:
გაითვალისწინეთ შიდა კონტექსტი:
- უჭერს თუ არა თქვენი კომპანია მხარს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს?
- არსებობს თუ არა უკვე გარემოსდაცვითი ან სოციალური ვალდებულებები?
- შეესაბამება თუ არა კომპანიის ღირებულებები ნარჩენების აღმოფხვრასა და ბუნების აღდგენას?
გაითვალისწინეთ გარე კონტექსტი:
- წამყვანი კომპანიები მთელ მსოფლიოში ნერგავენ ცირკულარულ პრინციპებს.
- ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ლონდონი და მილანი, აქვთ ცირკულარული ეკონომიკის გეგმები.
- გიგანტები, როგორებიცაა Google, H&M, Nike და Unilever, უკვე ამ გზას ადგანან.
ეს აჩვენებს, რომ თქვენ არ სთავაზობთ რაღაც უტოპიურს ან არარსებულს, თქვენ ეხმარებით ორგანიზაციას, ფეხი აუწყოს დიდ და აქტუალურ ბიზნესტრანსფორმაციას.
ნაბიჯი 3: განსაზღვრეთ თქვენი ცირკულარული იდეა
იყავით პრაქტიკული. ცირკულარული ეკონომიკის რომელი კონკრეტული ინიციატივა იმუშავებს თქვენს ორგანიზაციაში?
დაფიქრდით:
- რა პრობლემას გადაჭრის ეს?
- რა შესაძლებლობებს გააჩენს?
- შეგიძლიათ თუ არა შესთავაზოთ საპილოტე პროექტი კონცეფციის შესამოწმებლად?
დაფიქრდით რეალურ სარგებელზე
ცირკულარული ეკონომიკა მხოლოდ პლანეტისთვის კი არა, ბიზნესისთვისაც მომგებიანია. აი, ის არგუმენტები, რაც თქვენს პრეზენტაციაში უნდა გამოიყენოთ:
ზრდის შესაძლებლობები: შექმენით შემოსავლის ახალი წყარო, რომელზეც რესურსების ამოწურვის რისკი არ იმოქმედებს.
ხარჯების დაზოგვა: ნარჩენების პრევენცია და ოპერაციების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად ზოგავს საოპერაციო ხარჯებს
მომხმარებელთა ჩართულობა: დაამყარეთ უფრო ღრმა ურთიერთობები მომსახურების ინოვაციური მოდელების მეშვეობით.
ბრენდის რეპუტაცია: დაემთხვიეთ მომხმარებელთა შეცვლილ ღირებულებებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდად.
რისკების მართვა: დაიცავით მიწოდების ჯაჭვები იმ მასალების შენარჩუნებითა და აღდგენით, რომლებზეც თქვენი ბიზნესია დამოკიდებული.
რჩევები იდეის წარსადგენად
ისაუბრეთ მარტივად: მოყევით ისტორია ნათლად და გასაგებად, და ნუ გადატვირთავთ მსმენელს მშრალი მონაცემებით.
ნუ გააკრიტიკებთ წარსულს: წრფივი ეკონომიკა ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა. ფოკუსირდით იმაზე, თუ რატომ არის ცირკულარული მიდგომა აქტუალური ახლა, შეცვლილი პირობების გათვალისწინებით.
დაიწყეთ მათი საჭიროებებიდან: პირველ რიგში აჩვენეთ, როგორ ჭრის ცირკულარული პრინციპები თქვენი კოლეგების ბიზნესგამოწვევებს და არა მხოლოდ გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებს.
აღიარეთ ბუნდოვანება: ცირკულარული ეკონომიკა ჯერ კიდევ ვითარდება. წარმოაჩინეთ ეს როგორც ახლის შექმნის შესაძლებლობა და არა როგორც სისუსტე.
თქვენი შემდეგი ნაბიჯები
მზად ხართ დასაწყებად? აი, თქვენი სამოქმედო გეგმა:
- ჩამოტვირთეთ Ellen MacArthur Foundation-ის სამუშაო ფურცელი ცირკულარული იდეის მოსამზადებლად.
- შეარჩიეთ შესაფერისი ადამიანი კომუნიკაციისთვის (როგორც წესი, თქვენი უშუალო მენეჯერი).
- შეარჩიეთ კონკრეტული, განხორციელებადი საპილოტე პროექტი.
- მოემზადეთ მცდარი წარმოდგენებისთვის (და გახსოვდეთ, რომ ცირკულარულობა, ეს არ არის მხოლოდ ნარჩენების გადამუშავება!).
- დანიშნეთ პრეზენტაციის თარიღი.
გახსოვდეთ: ზოგიერთი ყველაზე წარმატებული ცირკულარული ინიციატივა დაიწყო ერთი ადამიანით, რომელმაც ხელი აწია და თქვა: “რა მოხდება, თუ ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებთ?”
ეს ადამიანი შეიძლება იყოთ თქვენ.
გსურთ მეტი გაიგოთ? ეწვიეთ Ellen MacArthur Foundation-ის ვებგვერდს, რათა გაეცნოთ პრაქტიკულ მაგალითებს (case studies), რესურსებსა და ცირკულარული ეკონომიკის წარმატების ისტორიებს მთელი მსოფლიოდან.