დღეისათვის მსოფლიოში არსებული წრფივი ეკონომიკური სისტემები, შეზღუდული რესურსების არამდგრად მართვასთან ერთად, უამრავი ნარჩენის წარმოქმნას იწვევს, რაც ემისიების ერთ-ერთი უდიდესი წყაროცაა. ცირკულარული ეკონომიკა კი წრფივი ეკონომიკის საპირისპიროდ ნარჩენების შემცირებასა და ემისიების კლებაზე კონცენტრირდება.
წრფივი მოდელისგან განსხვავებით, რომელიც „მოიპოვე-დაამზადე-გადააგდე“ პრინციპს ეფუძნება, ცირკულარული ეკონომიკა აღდგენითი ხასიათისაა და არსებული რესურსების შემცირებასა და ხელახალ გამოყენებაზეა ორიენტირებული. ცირკულარულ ეკონომიკაში პროდუქტის წარმოებისას ყურადღება ექცევა მის დიზაინს, არსებული რესურსის სისტემაში ხანგრძლივად დარჩენის მიზნით, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მრავალჯერადად გამოყენებასა და გადამუშავებას.
ცირკულარული ეკონომიკის მიდგომები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბიზნესებისთვის. მსოფლიოში არსებული ცნობილი ბრენდები ცდილობენ ცირკულარული პრაქტიკების დანერგვას გარემოზე ზეგავლენის შემცირებისა და ლოიალური მომხმარებლების რიცხვის გაზრდის მიზნით.
Eco-Cup არის კომპანია, რომელიც თანამშრომლობს ფესტივალებსა და სხვადასხვა ღონისძიებებთან და უზრუნველყოფს მრავალჯერადი პლასტმასის ჭიქების გამოყენებასა და შესაბამის დაბრუნების პუნქტებს, რითაც ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებას და რესურსების ეფექტიან გამოყენებას. ფესტივალების სტუმრებს შეუძლიათ, ჩააბარონ გამოყენებული ჭიქა და დაიბრუნონ სასმლის ყიდვისას დეპოზიტში გადახდილი თანხა. გამოყენებული ჭიქების მოხმარება კი ხელახლა მრავალჯერადად არის შესაძლებელი.
ყველასთვის ცნობილი სპორტული ბრენდი Nike მრავალი წელია ცდილობს მრავალფეროვანი ცირკულარული ინიციატივების დანერგვით შეამციროს ბუნებაზე ზეგავლენა. ბრენდის ცირკულარული სტრატეგია მოიაზრებს პროდუქტისა და შესაფუთი მასალის დამზადებას გადამუშავებადი მასალებისგან. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებლებისგან აგროვებს ძველ გამოყენებულ ნივთებს, რომლებიც შემდგომში ხელმეორედ გამოიყენება ახალი დანიშნულებით. ამის ნათელი მაგალითია Nike-ის მიერ უსარგებლო, მოძველებული ფეხსაცმლებისგან სპორტული მოედნის ზედაპირების დამზადება.
Dell ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი პიონერი კომპანიაა, რომელიც წარმოების პროცესში აქტიურად იყენებს გადამუშავებულ მასალებს. კომპანია მომხმარებლებისგან იბარებს გამოყენებულ ელექტრონულ ნივთებს და მათ ამუშავებს. ამასთანავე, წარმოებისას Dell დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქტის დიზაინს, რათა მისი დაშლა მარტივად მოხდეს და ნაწილები ხელახლა იქნეს გამოყენებული.
BMW ვტომობილების მწარმოებელი კომპანიაა, პრიორიტეტად მიიჩნევს პროდუქციის მდგრადობას. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ძრავების დაბრუნების სერვისს, რომლებსაც ხელახლა იყენებს წარმოებაში. აღნიშნული მიდგომა ხარისხის დაცვასა და ამავდროულად რესურსების ეფექტურობის გაზრდას განაპირობებს.
უპასუხე კითხვებს და შეამოწმე შენი ცოდნა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ.
ქვიზი მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, CIRCOLUTION კამპანიის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ცირკულარობის კამპანია „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.