ინდუსტრიული სიმბიოზი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სტრატეგიაა ცირკულარული და რესურსეფექტური ეკონომიკის შესაქმნელად. კონცეფცია დაფუძნებულია მრეწველობის დარგებს შორის თანამშრომლობაზე, რომელიც ერთმანეთის პროდუქტებისა და რესურსების გამოყენებას მოიაზრებს. ამ მიდგომით შეგვიძლია ის, რაც სხვა შემთხვევაში ნარჩენად იქცეოდა, ახალი წარმოებისათვის ღირებულ ნედლეულად გარდავქმნათ. ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის განმარტებით, „ინდუსტრიული სიმბიოზი გულისხმობს ერთი კომპანიის ან სექტორის მიერ სხვა კომპანიის ან სექტორის არასრულად გამოყენებული რესურსების გამოყენებას, რომელთა შორის მოიზარება: ნარჩენები, თანაპროდუქტები, ნარჩენი მასალები და ნედლეული, აღჭურვილობა, ენერგია, წყალი, ლოჯისტიკა, სიმძლავრე, ექსპერტიზის ჩათვლით. შედეგად რესურსები უფრო პროდუქტიულად გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
არსებითად, ინდუსტრიული სიმბიოზი ბუნებრივი ეკოსისტემების იმიტაციაა, სადაც არაფერი იკარგება და ყველა პროდუქტი ახალ რესურსად იქცევა. ინდუსტრიულ სიმბიოზში მონაწილე კომპანიები ერთმანეთში ცვლიან მასალებს, ენერგიას, წყალს ან მომსახურებას, რაც როგორც გარემოს, ისე ეკონომიკასაც არგებს. ეს მიდგომა ხელს უწყობს ნედლეულის მოხმარების შემცირებას, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, სათბურის გაზების ემისიის კლებას და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ხარჯების დაზოგვისა და ინოვაციის გზით. მიდგომა ეფექტიანიად ამცირებს ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსებასა და ინსინერაციის პროცესს და უზრუნველყოფს რესურსების ციკლების დახურვასა და ღირებულებათა ჯაჭვში ნარჩენების ღირებულების ზრდას.
ინდუსტრიული სიმბიოზის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ეკონომიკური სარგებელია, რომელიც ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით მიიღწევა და ხელს უწყობს ხარჯებისა და რისკების შემცირებას ან შემოსავლების ზრდასა და ბიზნესპრობლემების გადაჭრას. ორგანიზაციები ინდუსტრიულ სიმბიოზში ერთვებიან მაშინ, როდესაც ფინანსურ-ეკონომიკური სარგებელი მკაფიოა და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკით არის დადასტურებული. ამასთანავე, მდგრადობასა და რესურსების უსაფრთხოებაზე მზარდი ინტერესი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგთან ერთად, აძლიერებს ბიზნესის ჩართულობას.
საქართველოში უკვე შეიქმნა პირველი ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც ახორციელებს CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში კლიმატ-მედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობის გზით.
შეამოწმე შენი ცოდნა. უპასუხე კითხვებს და გაიგე მეტი ინდუსტრიული სიმბიოზის შესახებ.
ქვიზი მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, CIRCOLUTION კამპანიის ფარგლებში. ცირკულარობის კამპანია „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.