ინდუსტრიული სიმბიოზი

ნართინი

„ნართინი“ ქართული არტიზანული ტექსტილის ბრენდია, რომელიც თანამედროვე დიზაინთან ერთად აცოცხლებს ტრადიციული ხელსაქმის კულტურას და ქმნის ახალშობილისთვის აუცილებელი ნივთების ნაკრებს: საოჯახო ტექსტილსა და ეკო-მეგობრულ საბავშვო სათამაშოებს. თითოეული პროდუქტი მზადდება ეკო მეგობრული მასალებით და გადის ხელით დამუშავების ეტაპებს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ხარისხსა და ვიზუალურ ჰარმონიას.

ბრენდი დაარსებულია დედების მიერ, რომლებიც მუდმივად ეძებენ გზებს, რათა მათ შვილებს ჰქონდეთ ჯანმრთელი, ხარისხიანი და ეკო-მეგობრული გარემო — სწორედ ეს პირადი პასუხისმგებლობა იქცა ნართინის შექმნის მთავარ მოტივად.

ნართინის სახელოსნოში აღდგა ქართული მეაბრეშუმეობის ტრადიცია — ბრენდი ექსკლუზიურად იყენებს ქართულ აბრეშუმს და ქმნის ხელნაკეთ აბრეშუმის საძილე თვალის ნიღბებს ქალებისთვის, საბავშვო სათამაშოებს, ახალშობილის ბალიშებსა და საბნებს. ამგვარად ტრადიციული მასალა თანამედროვე ყოველდღიურ პროდუქტებში აგრძელებს სიცოცხლეს და ინარჩუნებს კულტურულ მნიშვნელობას.

ბრენდის კონცეფცია ეფუძნება პასუხისმგებლიან წარმოებასა და მდგრადობას. „ნართინი“ იყენებს ეკო-მეგობრულ შეფუთვას და მუშაობს ნარჩენების მინიმიზაციის პრინციპით. სამკერვალოში დარჩენილი ქსოვილი არ იკარგება, არამედ გადამუშავებით იქმნება ინტერიერის პუფები და დამატებითი ტექსტილის ნივთები.

ბრენდი წარმოადგენს მცირე საწარმოს მაგალითს, სადაც ტრადიციული ხელსაქმე და თანამედროვე მიდგომები ერთიანდება ცირკულარული ეკონომიკის იდეასთან. პროდუქციის წარმოების პარალელურად, ნართინის სახელოსნოში ტარდება შემოქმედებითი მასტერკლასები, რაც ხელს უწყობს ხელსაქმის პოპულარიზაციას, აგროტურიზმის განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და ადგილობრივი შემოქმედებითი ეკონომიკის გაძლიერებას.