- ეს ღონისძიება უკვე ჩატარდა
ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმის მესამე შეხვედრა ბათუმში
დეკემბერი 17, 2025 - დეკემბერი 18, 2025
აჭარაში ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმა სხვადასხვა სექტორში ცირკულარული მიდგომების დანერგვის მიზნით არის შექმნილი და ამ მხრივ რეგიონში არსებული გამოწვევების აღმოფხვრასა და მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობს.
დიალოგის პლატფორმის ყველა შეხვედრა უნიკალური და წევრი ორგანიზაციების საჭიროებებზეა მორგებული. მესამე შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი აჭარაში არსებულ ისეთ გამოწვევებს დაეთმო, როგორებიცაა: სურსათის, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვა; ტექსტილის ინდუსტრიაში ნარჩენების რაოდენობის ზრდის ტენდენციები.
გარდა გამოწვევებისა, მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ინოვაციური ცირკულარული გადაწყვეტები ბიზნესსა და საგანმანათლებლო სფეროში. მოდის ინდუსტრიაში მოწინავე ციფრულმა აპლიკაციამ „Phubber” ციფრული ინოვაციების როლზე ისაუბრა ცირკულარულ ბიზნესში, ბათუმის და თელავის საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა კი სასწავლო პროცესში ცირკულარულობის დანერგვის გზები და ამ მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები მიმოიხილეს.
დისკუსიების შედეგად გამოიკვეთა პლატფორმის წევრებს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.
ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმა წარმოადგენს რეგიონულ გაერთიანებას, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ბიზნესებს. პლატფორმის წევრებს საერთო მიზანი აქვთ — საკუთარ საქმიანობასა და თემებში ცირკულარული და მდგრადი მიდგომების განვითარება და პრაქტიკაში დანერგვა.
ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმის სამუშაო შეხვედრის შემდეგ, აჭარაში ცირკულარობის აკადემიის პირველი ტრენინგი გაიმართა, რომელსაც CENN-ის წარმომადგენელი, ნანა თაკვარელია და ინვესტორთა საბჭოს ცირკულარული ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანთია უძღვებოდნენ.
ტრენინგზე პლატფორმის წევრები ცირკულარული ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, მრავალსექტორული თანამშრომლობების მიდგომებს, ბიზნესზე მორგებული ცირკულარული შეთავაზებების მომზადებასა და ინოვაციური მიდგომების პრაქტიკულ მაგალითებს გაეცნენ. თეორიული ნაწილის შემდეგ კი მონაწილეებმა კონკრეტული ცირკულარული ინიციატივების დაგეგმვაზე იმუშავეს.
ცირკულარობის აკადემიის ფარგლებში მსგავსი ტრენინგები მომავალშიც იგეგმება და ისინი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მსგავსი პრაქტიკული შეხვედრები და ტრენინგები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნას და აძლიერებს თანამშრომლობას რეგიონში მოქმედ ბიზნესსა და ორგანიზაციებს შორის.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით.

