GaeaStar: როგორ ცვლის თიხა პლასტმასს – შეფუთვა, რომელიც ისევ მიწად იქცევა
პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ სინთეტიკურ მასალებს, რომლებიც საუკუნეებს უძლებს, ისეთი ნივთებისთვის, რომლებიც სულ რამდენიმე წუთში ნარჩენად იქცევა. ამის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად 460 მილიონ ტონა პლასტმასს ვაწარმოებთ, თუმცა მისი საერთო რაოდენობის 91% გადაუმუშავებელი რჩევა. “ქაღალდის” ჭიქებიც არ წარმოადგენს მის მდგრად ალტერნატივას, რადგან მათში თითქმის ყოველთვის იმალება პლასტმასის თხელი ფენა, რაც გადამუშავებას შეუძლებელს ხდის. შედეგად, ყოველ წელს 500 მილიარდი ჭიქა ნაგავსაყრელზე ხვდება, ოკეანეები კი მიკროპლასტმასით ივსება.
უძველესი ტრადიცია და 21-ე საუკუნის ინჟინერია
სან-ფრანცისკოსა და ბერლინში დაფუძნებული სტარტაპი GaeaStar სრულიად განსხვავებულ გზას ირჩევს. მათ შთაგონება 5 000 წლის წინანდელ წარსულში იპოვეს და შექმნეს “გეო-ნეიტრალური” ტექნოლოგია, რომელიც გადამუშავების საჭიროებას საერთოდ აუქმებს.
იდეა ინდური “კულჰარისგან” მოდის – ეს არის თიხის ტრადიციული ჭიქები, რომლებსაც ქუჩის გამყიდველები ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ. ჭიქა მზადდება თიხისგან, გამოიყენება ერთხელ და გადაგდების შემდეგ უბრალოდ იშლება და ისევ მიწად იქცევა. GaeaStar-ის მიზანია, ეს უძველესი მეთოდი თანამედროვე სამყაროს მოარგოს.
მასალის უბრალოება და ინოვაცია
GaeaStar-ის ჭურჭელი მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება: თიხა, წყალი და მარილი. მასში არ არის არანაირი წებო, ტოქსინი ან ქიმიური დანამატი. ჭურჭელი იმდენად თხელია, რომ მძლავრი მექანიკური ზემოქმედებით, მომენტალურად მტვრად იქცევა.
მთავარი ინოვაცია წარმოების სიჩქარეა. მათი დაპატენტებული Surface Printing™ ტექნოლოგიით, ერთი ჭიქის დაბეჭდვას სულ რაღაც 30 წამი სჭირდება. ეს პროცესი საშუალებას იძლევა, მივიღოთ ქაღალდზე 10-ჯერ მტკიცე ჭურჭელი, რომელიც 75%-ით ნაკლებ მასალას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი კერამიკა.
წარმოების ახალი, ადგილობრივი მოდელი
GaeaStar-ის მოდელი არ დგას კერამიკული მასალის ტრანსპორტირებაზე ქვეყნიდან ქვეყანაში. ამის ნაცვლად, მათ შექმნეს მობილური “მიკრო-ქარხნები”, რომლებიც პატარა სატვირთო კონტეინერის ზომისაა. ამ მანქანების განთავსება ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი, სადაც ისინი ადგილობრივ თიხას გამოიყენებენ. ეს გამორიცხავს ძვირადღირებულ ლოგისტიკას და პროდუქტს პლასტმასის ადეკვატურ კონკურენტად აქცევს.
მომხმარებლის ქცევის ცვლილება და ბაზრის განვითარება
ეს პროექტი ერთი მხრივ ამცირებს პლასტმასის წარმოებას და თანმდევ ნეგატიურ ეფექტებს როგორც გარემოზე, ისე ჩვენს ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ, კი ხელს უწყობს ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახალი, ინოვაცირი, თანამედროვე ბაზარზე მორგებული პროდუქტების განვითარებას, რაც თანხვედრაშია დღევანდელი მომხმარებლების მოთხოვნებთან და საჭიროებებთან.
გაეცანით პროექტს აქ: https://www.gaeastar.com/