ცირკულარული სურსათის სისტემები: რას გულისხმობს ვალორიზაცია და რა სარგებელი მოაქვს ორგანულ ნარჩენს
როგორია ცირკულარული ეკონომიკა სურსათის სისტემებში?
ცირკულარული ეკონომიკა სურსათის სისტემის გადააზრებას გვთავაზობს. ის წარმოადგენს ახლებურ ხედვას, სადაც სურსათის წარმოება-მოხმარების პროცესები არა ნარჩენების წყარო, არამედ აღდგენა-განახლების უწყვეტი ციკლია. წრფივი მოდელისგან განსხვავებით, ცირკულარული სურსათის სისტემა უზრუნველყოფს, რომ სურსათისა და ორგანული მასალის თანაპროდუქტები აღარ გადაიყაროს, არამედ ახალი სიცოცხლე შეიძინოს (მაგალითად, სურსათის ნარჩენების გარდაქმნა სასუქად და ნიადაგისთვის საჭირო ნუტრიენტებად).
ეს სისტემა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:
- ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრა დიზაინის/დაგეგმვის ეტაპზევე;
- საკვების, ნუტრიენტებისა და მასალების ცირკულაცია მათი მაქსიმალური ღირებულებით;
- ბუნებრივი სისტემების რეგენერაცია (აღდგენა) მათი დეგრადაციის ნაცვლად.
რეგენერაციული და ადგილობრივი მიწოდება
სურსათის რეგენერაციული წარმოება ეფუძნება ისეთ მეთოდებს, რომლებიც ადგილობრივი ეკოსისტემების დეგრადაციის ნაცვლად, აღადგენენ და აძლიერებენ მათ. ამგვარ პრაქტიკებს მიეკუთვნება აგროეკოლოგია, კულტურების როტაცია, აგრომეტყევეობა, კონსერვაციული მიწათმოქმედება და პერმაკულტურა.
ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შემდეგი მიმართულებებით:
- აუმჯობესებენ ნიადაგის ხარისხს და ბიომრავალფეროვნებას;
- ამცირებენ სინთეტიკურ სასუქებზე დამოკიდებულებას;
- ზრდიან ნიადაგში წყლის შეკავებისა და ნახშირბადის შეწოვის უნარს;
- აწარმოებენ უფრო ხარისხიან, მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სურსათს.
ეს პრაქტიკები მთლიანად აღადგენს ნიადაგის სტრუქტურას, აუმჯობესებს მიკრობულ სამყაროს და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ცირკულაციას.
უფრო ჯანსაღი საკვები პროდუქტების დიზაინი და მარკეტინგი
სურსათის ცირკულარულ სისტემაში პროდუქტის დიზაინი ერთდროულად ითვალისწინებს კვებით ღირებულებას და გარემოსდაცვით მდგრადობას. ეს პროცესი მოიცავს:
- იმგვარი პროდუქტების შექმნას, სადაც თანაპროდუქტები ნარჩენად კი არ იქცევა, არამედ ინგრედიენტებად გამოიყენება;
- იმ საკვებდანამატების შემცირებას, რომლებიც ართულებენ პროდუქტის ორგანულ ციკლში დაბრუნებას და ხელს უშლიან მის ბუნებრივ დეგრადაციას;
- კომპოსტირებადი ან ადვილად გადამუშავებადი შესაფუთი მასალების გამოყენებას;
- ჯანსაღი და მდგრადი ალტერნატივების მარკეტინგს, რომლებიც შესაბამისობაშია რეგენერაციულ წარმოებასთან.
სურსათიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება
ცირკულარული სისტემა მხოლოდ სურსათის ნარჩენების შემცირებას არ გულისხმობს; იგი საერთოდ უარს ამბობს „ნარჩენის“ წარმოქმნაზე. ეს გულისხმობს:
- საკვებად ვარგისი ჭარბი სურსათის განაწილებას იმ ადამიანებზე, ვისაც ეს სჭირდება (ხშირ შემთხვევაში ე.წ. „სურსათის ბანკის“ მეშვეობით);
- სურსათის თანაპროდუქტების ორგანულ სასუქებად გარდაქმნას რეგენერაციულ სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად;
- საკვებად გამოუსადეგარი მასალების გამოყენებას ბიომასალების, ბიოენერგიის ან სხვა ღირებული რესურსების მისაღებად.
სურსათის ნარჩენების პრევენცია და მართვა
ქალაქებს შეუძლიათ პრევენციული ნაბიჯების გადადგმა სურსათის ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე მათი შემცირების მიზნით. ეს მოიცავს:
- მიწოდების ოპტიმიზაციას ცვალებად სამომხმარებლო მოთხოვნასთან;
- ფასდაკლების დაწესებას ისეთ პროდუქტებზე, რომლებსაც მალე ვადა ეწურება;
- გადამწიფებული პროდუქტის გამოყენებას მზა საკვების მოსამზადებლად;
- სურსათის ნარჩენების პრევენციაზე მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერას.
სურსათის ნარჩენების ეფექტიანი პრევენცია მოითხოვს ტექნოლოგიური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჩართულობის ერთობლიობას, ასევე ინვესტიციებს ნარჩენების შეგროვებისა და სეპარირების სისტემებში, რაც უზრუნველყოფს ორგანული ნარჩენის ნაკადების სწორ დახარისხებას.
ორგანული ნარჩენების მართვა და ვალორიზაცია
რას გულისხმობს ვალორიზაცია? ეს არის ნუტრიენტების აღდგენა სურსათის სისტემის ორგანული თანაპროდუქტებიდან და მათი დაბრუნება პროდუქტიულ გამოყენებაში (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში სასუქებისა და ნიადაგის გამამდიდრებელი დანამატების სახით). აღდგენილი აზოტი და ფოსფორი მნიშვნელოვნად ამცირებს დამოკიდებულებას სინთეტიკურ სასუქებზე, რომლებიც ენერგოინტენსიური, ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებული და ეკოლოგიურად მავნე პროცესებით იწარმოება.
ნარჩენების შეგროვების შემდეგ, ორგანული ნარჩენის პროდუქტიულად გამოყენება შესაძლებელია კომპოსტირების და/ან ანაერობული დაშლის მეშვეობით. ეს ხელს უწყობს:
- კომპოსტის და ნიადაგის გამამდიდრებელი მასალების წარმოებას;
- ბიოენერგიის წარმოებას;
- საკვები ნივთიერებებით მდიდარი მასალების რეგენერაციულ სოფლის მეურნეობაში დაბრუნებას.
განვითარებადი ეკონომიკები, სადაც ორგანული ნარჩენების წილი მაღალია და ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ ვითარდება, განსაკუთრებით ხელსაყრელ პოზიციაში არიან ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად.
ეკონომიკური სარგებელი
- 7 ტრილიონი აშშ დოლარი:2050 წლისთვის ქალაქებს შეუძლიათ წლიურად ამდენივე ღირებულების ეკონომიკური სარგებელი შექმნან რეგენერაციული მიწოდების, ნარჩენების შემცირებისა და საკვები ნივთიერებების ცირკულაციის გზით.
- 700 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი:საკვების თანაპროდუქტებიდან აზოტისა და ფოსფორის ვალორიზაციას მსოფლიოს მასშტაბით შეუძლია ამ ოდენობის სარგებლის გენერირება.
გარემოსდაცვითი სარგებელი
- წელიწადში 15 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის დეგრადაციის თავიდან აცილება;
- 450 ტრილიონი ლიტრი მტკნარი წყლის დაზოგვა;
- სათბური გაზების ემისიების მნიშვნელოვანი შემცირება წარმოებისა და ნარჩენების მართვის ახლებური სისტემების მეშვეობით.
სოციალური სარგებელი
- პესტიციდების გამოყენებით განპირობებული ჯანმრთელობის ხარჯების 550 მილიარდი აშშ დოლარით შემცირება;
- ანტიმიკრობული რეზისტენტობის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების შემცირება;
- საკვები პროდუქტების მდგრადი დიზაინისა და დისტრიბუციის მეშვეობით მათი ხარისხის გაუმჯობესება.
სურსათის ცირკულარული სისტემა წარმოადგენს ახლებურ ხედვას, რომელიც უარს ამბობს ტრადიციულ წრფივ მოდელზე და სურსათის წარმოება-მოხმარების პროცესებს აღდგენა-განახლების უწყვეტ ციკლად აქცევს. ეს მიდგომა ეფუძნება ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრას, საკვებისა და ნუტრიენტების მაქსიმალური ღირებულებით ცირკულაციას, და ბუნებრივი ეკოსისტემების რეგენერაციას. რეგენერაციული სოფლის მეურნეობის, პროდუქტების მდგრადი დიზაინის, ნარჩენების პრევენციისა და ორგანული რესურსების ვალორიზაციის გზით, ცირკულარული სისტემები უზრუნველყოფს ტრილიონობით დოლარის ეკონომიკურ სარგებელს, ზოგავს მტკნარ წყალს, იცავს ნიადაგს დეგრადაციისგან და მნიშვნელოვნად ამცირებს სათბური გაზების ემისიებსა და სოციალურ ხარჯებს.