ხის ნარჩენებისგან წარმოებული შეფუთვა: როგორ მზადდება ბიოდეგრადირებადი მასალა ხის ქერქისგან
Bpacks-ის ცირკულარული პროექტი
ყოველწლიურად ხე-ტყის გადამამუშავებელი ინდუსტრია მილიონობით ტონა ქერქს წარმოქმნის, რომელიც ხშირად უსარგებლო ნარჩენად მიიჩნევა. მისი თავიდან მოშორების მიზნით, ქერქის დაწვა ან ნაგავსაყრელებზე განთავსება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რასაც უარყოფითი გარემოსდაცვითი შედეგები მოჰყვება. მეორე მხრივ, მსოფლიო პლასტმასით დაბინძურების გლობალურ კრიზისს ებრძვის და ეძებს მდგრად ალტერნატივებს ერთჯერადი შესაფუთი მასალებისთვის, რომელთა მასობრივი მოხმარებაც ეკოსისტემებს შეუქცევად ზიანს აყენებს.
აღნიშნული პრაქტიკის ალტერნატივად, Bpacks-ის პროექტი წარმოადგენს განსხვავებულ მიდგომას, სადაც ხე-ტყის ნარჩენი აღარ განიხილება როგორც პრობლემა, არამედ როგორც პოტენციური რესურსი. ხის ქერქის შეგროვებისა და დამუშავების შედეგად მზადდება 100%-ით ბიოდეგრადირებადი, მყარი შესაფუთი მასალები. პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ რესურსების გონივრული გამოყენებით, ნარჩენებისა და მისი ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდება შესაძლებელია.
ინოვაციური ტექნოლოგია
Bpacks-ის მიდგომა ეფუძნება არსებული საწარმოო ინფრასტრუქტურისა და ინოვაციური დიზაინის ინტეგრაციას. პროექტი ქმნის ეკოლოგიურად მდგრად გრანულებს, რომლებიც ტრადიციული პლასტმასის წარმოების დანადგარებზე მარტივად მუშავდება, რაც ქარხნებისთვის ახალი აღჭურვილობის შეძენის საჭიროებას ამცირებს. ხის ქერქი გამოიყენება როგორც ძირითადი სტრუქტურული ელემენტი, რის შედეგადაც პროდუქტის მახასიათებლები თავად ბუნებრივი ნედლეულით განისაზღრება.
ამასთანავე, ქერქი მხოლოდ პლასტმასის შემცვლელის როლს არ ასრულებს და ბუნებრივი ანტიმიკრობული თვისებებიც გააჩნია, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მასში მოთავსებული მალფუჭებადი პროდუქტების – ხილის ან ბოსტნეულის – შენახვის ვადას. შესაბამისად, ეს ტექნოლოგია, სხვა გარემოსდაცვით სარგებელთან ერთად, საკვების ნარჩენების შემცირებასაც უწყობს ხელს.
გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ეფექტი
Bpacks-ის ბიზნესმოდელი რამდენიმე მიმართულებით აუმჯობესებს გარემოს მდგომარეობას – ქერქის ბუნებრივ, ბიოდეგრადირებად მასალად გარდაქმნა ამცირებს მოთხოვნას სინთეზურ და ნავთობზე დამზადებულ არაგანახლებად რესურსებზე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს რესურსების უფრო პასუხისმგებლიან გამოყენებას მთლიან ღირებულებათა ჯაჭვში. Bpacks-ის შეფუთვები ნიადაგში მოხვედრისას 1-2 თვეში სრულად იშლება და ტრადიციული ბიოპლასტმასებისგან განსხვავებით, მიწას სასარგებლო საკვები ნივთიერებებით ამდიდრებს. აღნიშნული პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ ცირკულარულ ეკონომიკაში მდგრადობა გულისხმობს ინდუსტრიული პროცესების ბუნების ციკლებთან ჰარმონიზაციას.
გაეცანით მეტ ინფორმაციას კომპანიის ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ აქ: https://www.bpacks.eco/technology