4 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ორგანიზებით, გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელზეც დაფუძნდა ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის ინტერრეგიონული პლატფორმა.
პლატფორმა აერთიანებს კახეთისა და აჭარის რეგიონული პლატფორმების წევრებს, ასევე იმ ორგანიზაციებსა და კომპანიებს, რომლებიც ეროვნულ დონეზე მუშაობენ ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე.
თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება
პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებს შორის დიალოგს, ცოდნის გაცვლას და თანამშრომლობას, რათა დაჩქარდეს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა და წრიული მიდგომების პრაქტიკაში გადატანა. შეხვედრაზე განხილული იყო როგორც რეგიონული პოტენციალი, ისე საერთაშორისო გამოცდილება.
ICLEI Europe-ის წარმომადგენელმა კიარა გოლუჩამ (Chiara Goluccia) წარმოადგინა მრავალსექტორული თანამშრომლობის მაგალითები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება ევროპულ ქალაქებში.
სასწავლო ტური – პრაქტიკული მაგალითები
დღის მეორე ნახევარი დაეთმო სასწავლო ტურს, სადაც მონაწილეები გაეცნენ წრიული მიდგომების პრაქტიკულ მაგალითებს:
- Radisson Blu Iveria Hotel: სასტუმრო ამცირებს ერთჯერადი პლასტმასის მოხმარებას მრავალჯერადი შეფუთვებისა და გადამუშავებადი მასალების დანერგვით.
- Fabrika Tbilisi: მონაწილეებმა იხილეს მრავალჯერადი ჭიქების დეპოზიტური სისტემა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესების ერთობლივი ძალისხმევით დაინერგა. ინიციატივა მნიშვნელოვნად ამცირებს პლასტმასის ნარჩენებს ქალაქში.
პროექტის შესახებ
ინტერრეგიონული პლატფორმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც CENN ახორციელებს ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია კლიმატ-მედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა საქართველოში ნარჩენების შემცირების და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის გზით.