ცირკულარული კამპუსი: რას აკეთებენ მსოფლიო უნივერსიტეტები
წრფივი ეკონომიკის მოდელი “აწარმოე, გამოიყენე, გადააგდე” ვეღარ პასუხობს დღევანდელი გარემოსდაცვითი გამოწვევების მასშტაბს. ამ ფონზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები განსაკუთრებულ როლს იძენენ: უნივერსიტეტის კამპუსი ერთდროულად არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ცირკულარული იდეების ტესტირება რეალურ გარემოში და, ამავე დროს, სივრცე, სადაც ყალიბდება ახალი თაობის ჩვევები და ღირებულებები რესურსების მიმართ.
ქვემოთ გაგაცნობთ რამდენიმე უნივერსიტეტის მაგალითს, უფრო ვრცლად კი ამ თემაზე ჩვენი ბროშურიდან გაიგებთ, რომლის გადმოწერას ამ სტატიის ბოლოს შეძლებთ.
რესურსების ხელახალი გამოყენება და დონაცია
ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტს (UBC) აქვს ავეჯის ხელახალი გამოყენების პროგრამა: ფაკულტეტებში დარჩენილი, მაგრამ ვარგისი ავეჯი და აღჭურვილობა გროვდება, ლაგდება და ხელახლა ნაწილდება Zero Waste Market-ის მეშვეობით. მიზანი 2030 წლისთვის კამპუსზე ავეჯის ნარჩენის ნულამდე დაყვანა და ახალი შესყიდვების ხარჯის შემცირებაა.
მსგავს, თუმცა უფრო სისტემურ მოდელს იყენებს ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ-ლუისში: ზედმეტი ავეჯი, ლაბორატორიული აღჭურვილობა და საოფისე ინვენტარი ცენტრალიზებულად ფასდება და ერთიან ბაზაში აღირიცხება. თუ შიდა მოთხოვნა არ არსებობს, ნივთები გადაეცემა ადგილობრივ სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
შეკეთების კულტურა
ვარვიკის უნივერსიტეტის Repair Café ღია პლატფორმაა, სადაც სტუდენტები, პერსონალი და საზოგადოება მოხალისე სპეციალისტებთან ერთად სწავლობენ დაზიანებული საყოფაცხოვრებო და ელექტრო ნივთების, ტექსტილისა თუ აქსესუარების შეკეთებას (მობილურები, ლეპტოპები და მსგავსი მაღალრისკიანი ტექნიკა გამონაკლისია). იდეის ცენტრში ცოდნის გაზიარებაა, სადაც მონაწილეები თავად სწავლობენ დიაგნოსტიკას და შეკეთებას.
გაცვლისა და ხელახალი განაწილების სივრცეები
ჯორჯიის უნივერსიტეტის “Swap Shop” სტუდენტური ინიციატივაა, სადაც ნებისმიერს შეუძლია დატოვოს ზედმეტი ნივთი (სასწავლო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი) და უფასოდ აიღოს საჭირო ნივთი. ყუთები აუდიტორიების გვერდით დგას, რათა შემოწირულობა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოხდეს.
ოსტინის უნივერსიტეტის “Trash to Treasure” 2005 წლიდან მოქმედი პროექტია, სადაც სემესტრის ბოლოს შეგროვებული ნივთები 1 დოლარად იყიდება “Pop-up” ბაზრობებზე. შემოსავალი მთლიანად რეინვესტირდება გარემოსდაცვით ინიციატივებში. ცალკე მიმართულება, “Making Amends”, დაზიანებულ ნივთებს ვორქშოფების საშუალებით ახალ პროდუქტებად გარდაქმნის.
ვატერლოოს უნივერსიტეტის “Free Store”, ანუ “აიღე რაც გჭირდება, სრულიად უფასოდ” პრინციპზე დაფუძნებული სივრცეა, რომელსაც თან ახლავს Seed Library — თესლების გაზიარებისა და “სესხების” სისტემა.
ბიბლიოთეკები, რომლებიც ნივთებს გასცემენ
ნივთების ბიბლიოთეკის მოდელი რამდენიმე ვარიაციით ვხვდება:
ოსლოს უნივერსიტეტში სტუდენტებს შეუძლიათ სამუშაო ხელსაწყოების, სალაშქრო აღჭურვილობისა და სპორტული ინვენტარის უფასოდ სესხება (7-დღიანი ვადით, გახანგრძლივების უფლების გარეშე).
საქართველოში მოქმედი Goethe Institut-ის “#ნივთეBib” ანალოგიური მოდელია ადგილობრივ კონტექსტში — 25 სხვადასხვა ნივთი ოთხ კატეგორიაშია დაჯგუფებული (DIY, თავისუფალი დრო/სპორტი, სოციალური მედია, საყოფაცხოვრებო).
სეტონ ჰოლის უნივერსიტეტის SHUShelf სახელმძღვანელოების ცირკულარული გაცვლის სისტემაა: სტუდენტი აბარებს წიგნებს და მათი რაოდენობის პროპორციულად იღებს ახლებს. ამას ემატება “Note Reuse”, ანუ ლექციის ჩანაწერების გაზიარება ცირკულარული კრედიტების სანაცვლოდ.
ეს პრაქტიკები არ საჭიროებს დიდ ინვესტიციას. უმეტესობა იწყება მარტივი ორგანიზაციული გადაწყვეტილებით: ერთი ყუთი, ერთი თარო, ერთი გვერდი ონლაინ პლატფორმაზე. მათი საერთო არსი კამპუსის რესურსების ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლის უზრუნველყოფაა ნაცვლად იმისა, რომ ნივთი ერთხელ გამოყენების შემდეგ ნაგავსაყრელში აღმოჩნდეს.
გაეცანით CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადებულ ბროშურას, სადაც უფრო ვრცლად წაიკითხავთ იმ იდეების შესახებ, რომლებიც ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთს ან ნარჩენს ახალ რესურსად აქცევს.