საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, ბათუმმა „ცირკულარულ ბიზნესსამიტ 2026“-ს უმასპინძლა. ღონისძიება ევროკავშირის დაფინანსებითა და CENN-ის ორგანიზებით გაიმართა. სამიტის მხარდამჭერები იყვნენ ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), „ტერაბანკი“ და „პროკრედიტ ბანკი“.

სამიტი სიმბოლურად 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გაიმართა და მან 100-მდე სტუმარი გააერთიანა 60-ზე მეტი ორგანიზაციიდან. დამსწრეებს შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ინდუსტრიის ლიდერები, ფინანსური დაწესებულებები, ბიზნესები, დარგობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები და ექსპერტები.

ღონისძიების მთავარ მიზანს ქვეყანაში ცირკულარული ტრანზიციის ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, და, აგრეთვე, დაბალნახშირბადიანი და მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. სამიტზე გამართულმა ბიზნესგამოფენამ კი თავი მოუყარა 23 მწვანე ბიზნესსა და საწარმოს და დამთვალიერებლებს მცირე თუ საშუალო ზომის ბიზნესებში ცირკულარული გადაწყვეტები გააცნო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ და მწვანე შეთანხმების, კავშირის, ეკონომიკისა და ინვესტირების გეგმის საკითხებში გუნდის ხელმძღვანელმა, ანელის ვანვიმელბეკემ; გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ნილს ქრისტენსენმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლოღან ჯ. ე. ნიკოლმა.

"ეკონომიკის ტრადიციული ხაზოვანი მოდელი – „მოიპოვე, აწარმოე, გამოიყენე, გადააგდე“ – არამდგრადია და პლანეტარულ საზღვრებს სცდება. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შესამცირებლად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და კლიმატნეიტრალურობის მისაღწევად. ევროკავშირი კვლავაც საქართველოს გვერდით დგას ისეთი მდგრადი და მწვანე ზრდის ხელშეწყობაში, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ადამიანებს, ისე პლანეტას", -

ცირკულარობა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ გარემოს დაცვის დღის წესრიგს. დღეს ეს ბიზნეს შესაძლებლობაა. კომპანიები, რომლებიც წარმოების ნარჩენს ამცირებენ, რესურსებს ეფექტიანად იყენებენ და ინოვაციურ ბიზნეს-მოდელებს ნერგავენ, მომავალში მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან და უფრო სწრაფად გაიზრდებიან. გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა დაეხმაროს ქართულ ბიზნესს ამ გარდაქმნის გზაზე.

სამიტმა მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნა სექტორებს შორის თანამშრომლობისთვის, რაც ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მონაწილეს ერთმანეთთან დაკავშირებასა და ახალი, ინოვაციური ინფორმაციის გაზიარებაში დაეხმარა. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიალოგს იმ სტრატეგიებსა და მიდგომებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, რესურსების ეფექტიანად გამოყენებასა და საქართველოში ცირკულარული ბიზნეს მოდელების დანერგვას.

„გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გამართული სამიტი ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი მდგრადობის, ეკონომიკური მედეგობისა და სოციალური კეთილდღეობის ერთიანობას. უკვე 28 წელია, CENN რესურსების ეფექტიანობისა და მწვანე ინოვაციების გზით საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკას უყრის საფუძველს. 2024 წლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერითა და პროექტით „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“, ორგანიზაციამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი. აღნიშნული სამიტი ამ მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, აკადემიურ წრეებს, ფინანსურ სექტორსა და ადგილობრივ თემებს პარტნიორობის გასაძლიერებლად და ქვეყნის მწვანე ტრანზიციის დასაჩქარებლად,“-

სამიტის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების პრეზენტაციებს, ინტერაქტიულ სესიებსა და ოთხ მთავარ პანელურ დისკუსიას, სადაც მონაწილეებმა ცირკულარული ეკონომიკის სხვადასხვა ასპექტები და უახლესი მიდგომები განიხილეს. სამიტზე გამართული პანელები შემდეგ აქტუალურ თემებს  დაეთმო:

  • ცირკულარული ბიზნესების მასშტაბირება – ხედვიდან განხორციელებამდე: დაფინანსების მექანიზმები, რომლებიც საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას უწყობს ხელს;
  • საქართველოში პლასტიკის შეფუთვის მომავალი: როგორ გარდავქმნათ გამოწვევა შესაძლებლობად;
  • მგვ ორგანიზაციების როლი საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის განვითარებაში: ადგილობრივი გადამუშავების ტექნოლოგიების ანალიზი;
  • ცირკულარობის ახალი ჰორიზონტი: ტყის რესურსების, ბიოდეგრადირებადი და ტექსტილის ნარჩენის ცირკულარულ პროდუქტად გარდაქმნა.

გარდა ამისა, სესიებზე განიხილეს ინდუსტრიული სიმბიოზი, ელექტრონული ნარჩენების მართვა ბლოკჩეინ ტექნოლოგიით და ის, თუ როგორ აჩქარებს ხელოვნური ინტელექტი (AI) და ნივთების ინტერნეტი (IoT) ცირკულარულ პროცესებს.

ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ ნაწილს „მწვანე ბიზნეს ექსპო“ წარმოადგენდა, სადაც მონაწილეებს გამოფენილი ჰქონდათ მდგრადი წარმოების პროდუქტები და ცირკულარული სერვისები. ექსპომ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ცირკულარული გადაწყვეტილებების პოპულარიზაციას, ინოვაციური ბიზნესების ხილვადობის გაზრდასა და მათ დაკავშირებას პოტენციურ კლიენტებსა თუ პარტნიორებთან.

ცირკულარული ბიზნეს სამიტი 2026-ის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, დაკავშირებოდნენ კოლეგებს, პოტენციურ თანამშრომლებსა და ინვესტორებს. ფორუმზე გაცვლილი ცოდნა და დამყარებული პარტნიორობები საფუძველს ჩაუყრის ისეთ ერთობლივ ინიციატივებს, რომლებიც რეალურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უზრუნველყოფს გრძელვადიან, მდგრად ტრანსფორმაციას. 

ბათუმში ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესსამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გამოფენაში მონაწილეობა ჩვენი ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოდგენილი ვართ ეკომეგობრული ხის სათამაშოებით. ნარჩენი ნახერხისგან ვამზადებთ ხის პელეტებს, რაც უნარჩენო წარმოების პრინციპს ეფუძნება და მწვანე მიმართულების სტანდარტების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ბიზნესსამიტის მსგავსი ღონისძიებები გვაძლევს შესაძლებლობას, გავიცნოთ პოტენციური პარტნიორები და დავამყაროთ ახალი საქმიანი ურთიერთობები.

ჩვენი ბრენდის მთავარი მიმართულება ეკომეგობრული სათამაშოებისა და ერგონომიული ტანსაცმლის წარმოებაა, რისთვისაც მხოლოდ ნატურალურ მასალებს ვიყენებთ. საწარმოში ცირკულარული პოლიტიკის დანერგვა ჩვენთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, წარმოებისას დარჩენილი ნარჩენებისგან ახალ პროდუქტებს ვქმნით. გვჯერა, რომ რესურსების ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ისე ჩვენი საწარმოს განვითარებისთვისა და მომხმარებელთა კეთილდღეობისთვის.

“ცირკულარული ბიზნეს სამიტი 2026“ ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ნაწილია. ღონისძიება ჩატარდა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „მწვანე კავკასია“, ევროკავშირის პროექტის “საქართველო მწვანე მომავლისკენ” და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. სამიტის პარტნიორები ტერაბანკი და პროკრედიტ ბანკი იყვნენ.

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri- sakartveloshi/

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ოთხწლიანი პროექტი  „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“ ხორციელდება CENN-ის მიერ, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გარემოსადმი მედეგი მომავლის შექმნა, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რესურსეფექტიანობის, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის ხელშეწყობისა და ნარჩენების წარმოქმნის მნიშვნელოვნად შემცირების გზით.

ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.