7 ინტენსიური, ცოდნითა და ახალი გამოცდილებით დატვირთული დღე ბულაჩაურის მწვანე ცენტრში დასრულდა!
ბანაკმა აჭარისა და კახეთის რეგიონებიდან 23 აქტიურ ახალგაზრდას უმასპინძლა, რომლებმაც ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და მწვანე ინოვაციების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.
რა ხდებოდა 7-დღიან ბანაკში?
ცირკულარული ეკონომიკის საფუძვლები & REUSE: ბანაკის პირველ დღეებში მონაწილეებს CENN-ის წარმომადგენელმა, ელენე ბედენაშვილმა გააცნო ცირკულარული ეკონომიკის არსი, ხელახალი გამოყენების (REUSE) საუკეთესო პრაქტიკები და პლასტმასის ალტერნატივები. ასევე, იმსჯელეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მწვანე გადაწყვეტების დანერგვაზე.
სექტორთაშორისი თანამშრომლობა & ნარჩენების მართვა: გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia ექსპერტთან, რონი კვაჭაძესთან ერთად მონაწილეებმა სიღრმისეულად განიხილეს ცირკულარული ეკონომიკის არსი, გამოწვევები და შესაძლებლობები, ხოლო თეორიული ლექციის შემდგომ ინტერაქტიული თამაშებით პრაქტიკულად გამოსცადეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნარჩენების შემცირების გზები. ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა და „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა მონაწილეებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ფარგლებში სპეციფიკური და ავტო-ინდუსტრიული ნარჩენების მართვის პრაქტიკა გაუზიარეს.
ევროპული შესაძლებლობები & ეკო-კვალი: კლიმატისა და გარემოს დაცვის ექსპერტმა, თუთანა კვარაცხელიამ მონაწილეებთან ერთად გლობალური კლიმატის ცვლილება და მწვანე ტრანზიცია განიხილა. ეკო-ინფლუენსერ ნინა ბარჯაძესთან ერთად ახალგაზრდებმა საკუთარი ეკოლოგიური კვალი გამოთვალეს, ხოლო ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან ერთად ითამაშეს „ევროპის გზა“ და გაეცნენ ევროკავშირის საგანმანათლებლო, გაცვლით და განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს.
მწვანე ბიზნესი პრაქტიკაში – ვიზიტი პროკრედიტ ბანკში: ბანაკის მონაწილეები ეწვივნენ პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისს, სადაც ადგილზე გაეცნენ ბანკის მწვანე ინიციატივებსა და მდგრადი განვითარების სტანდარტებს.
ეკო-კამპანიების დაგეგმვა & როლური თამაშები: CENN-ის წარმომადგენელთან, ანა პეტრიაშვილთან ერთად ჩატარდა ინტერაქტიული როლური თამაში „აგრიკულტურა – არა პლასტიკულტურა“. დღის მეორე ნახევარში მონაწილეებმა ჯგუფურად დაგეგმეს საკუთარი გარემოსდაცვითი კამპანიები და წარადგინეს კრეატიული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც საკუთარ თემებში გეგმავენ.
ბანაკი დაიხურა სერტიფიკატების გადაცემითა და გამოსამშვიდობებელი აქტივობებით. მადლობა თითოეულ მონაწილეს, სპიკერსა და პარტნიორს საინტერესო კვირისთვის!
___
ბანაკი ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით.











