ტურიზმისა და სილამაზის ინდუსტრიები მდგრადობის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ. „კოჭბაანის სახლი“, რომელიც საქართველოში აგრო-ტურიზმისა და „farm-to-table“ კონცეფციის ერთგული სივრცეა, პარტნიორობას იწყებს გლობალურ ბრენდთან, The Body Shop-თან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, „კოჭბაანის სახლი“ სტუმრების ოთახებიდან სრულად იღებს ერთჯერად პლასტმასის ჰიგიენურ საშუალებებს და ანაცვლებს მათ refill-სადგურებით. CENN მოხარულია, რომ ამ პარტნიორობის ინიციატორია, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პრეცედენტს საქართველოს ტურიზმის სექტორში ნარჩენების მინიმიზაციისა და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი პრაქტიკის დანერგვის კუთხით.
კოჭბაანის სახლი მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ აგრო-სივრცეა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ეკოლოგიურ წარმოებასა და სტუმარმასპინძლობის კულტურას. ის მოქმედებს „farm-to-table“ კონცეფციის საფუძველზე – პროდუქტის წარმოებიდან სტუმრამდე მიწოდების მთლიანი პროცესი ხორციელდება ადგილზე, რაც უზრუნველყოფს სურსათის მაღალ ხარისხს, გამჭვირვალე წარმოების ჯაჭვსა და გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციას.
The Body Shop კოსმეტიკური საშუალებების ბრენდი, რომელიც კანის მოვლისა და სილამაზის პროდუქციის სფეროში ფუნქციონირებს. კომპანია ემსახურება გლობალურ მისიას – შექმნას ეთიკური და გარემოს ზრუნვაზე დაფუძნებული პროდუქტები. The Body Shop განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვეგანურ და გენეტიკურად არამოდიფიცირებულ (GMO-free) პროდუქციას, რომელიც იქმნება მდგრადობისა და პასუხისმგებლიანი მოხმარების პრინციპების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულ კომპანიებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, „კოჭბაანის სახლმა“ მოხმარებიდან ამოიღო ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვაში წარმოდგენილი ჰიგიენური საშუალებები სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახებში და დააინსტალირა refill-სადგური, რომლის მეშვეობითაც დისპენსერები ივსება დიდი მოცულობის შეფუთვებიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც პლასტმასის ნარჩენების რაოდენობას, ისე კომპანიის ლოჯისტიკურ ხარჯებს.
შედეგად, სასტუმროს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 100%-ით ვეგანური, ცხოველებზე არატესტირებული და გენეტიკურად არამოდიფიცირებული ჰიგიენური საშუალებებით. ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება როგორც „კოჭბაანის სახლის“, ისე „The Body Shop”-ის ღირებულებებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტურიზმის სექტორში პლასტიკისგან თავისუფალი, მდგრადი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით.
„კოჭბაანის სახლი“ ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის წევრი — ინიციატივისა, რომელსაც CENN ევროკავშირის მხარდაჭერითა და ICLEI Europe-თან თანამშრომლობით პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს. ქსელი აერთიანებს კახეთის რეგიონსა და აჭარის ა/რ მოქმედ ბიზნესებსა და სექტორულ ასოციაციებს, რათა თანამშრომლობის გზით ხელი შეეწყოს რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ნარჩენების შემცირებას, მდგრადი წარმოების განვითარებისა და გაძლიერების პროცესს. გაიგეთ მეტი ქსელის წევრების შესახებ აქ.