როგორ ამცირებენ სუპერმარკეტები სურსათის ნარჩენს: ევროპული გამოცდილება
სუპერმარკეტების დახლებზე განთავსებული მრავალფეროვანი პროდუქცია მხოლოდ ხილული ნაწილია იმ უზარმაზარი ჯაჭვისა, რომელზეც ჩვენი ეკონომიკა დგას. თუმცა, სწორედ ამ დახლების მიღმა იმალება სურსათის წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა – სურსათის დანაკარგისა და ნარჩენის უდიდესი მაჩვენებელი. სურსათის წარმოებასა და ტრანსპორტირებაზე დახარჯული ენერგია ხშირად არაგონივრულად იფლანგება და სრულიად ვარგისი, ტონობით პროდუქტი ნაგავსაყრელზე ხვდება. საცალო ვაჭრობა კი ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რადგან სწორედ მიწოდების ჯაჭვის ამ ეტაპზე იკვეთება პროდუქტის ღირებულება, მომხმარებლის არჩევანი, ლოჯისტიკური ეფექტიანობა და ნარჩენის წარმოქმნის რისკი.
ცირკულარული ეკონომიკის პერსპექტივიდან, სურსათის ნარჩენის შემცირება მხოლოდ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხი არ არის და გულისხმობს რესურსების უფრო ეფექტიან მართვას, უკვე წარმოებული ღირებულების სისტემაში შენარჩუნებას და ისეთი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც პროდუქტს ნარჩენად ქცევამდე ეკონომიკურ თუ სოციალურ ფუნქციას უნარჩუნებს. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებენ გერმანული და ავსტრიული სუპერმარკეტების ქსელები, რომლებიც სურსათის ნარჩენის შემცირებას უკვე არა ცალკეულ ინიციატივად, არამედ მრავალმხრივ, პრაქტიკულ სტრატეგიად განიხილავენ.
ესთეტიკურად არამიმზიდველი პროდუქტის რეალიზაციის პოტენციალი
სურსათის დანაკარგების დიდი ნაწილი სწორედ ვიზუალური სტანდარტების შეუსაბამობის გამო წარმოიქმნება. არასტანდარტული ფორმის, ზომის ან გარეგნული მახასიათებლების მქონე პროდუქტი ხშირად არაკონკურენტუნარიანად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კვებითი ღირებულება და ხარისხი სრულად შენარჩუნებულია.
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება ინიციატივები, რომლებიც არასტანდარტულ პროდუქტებს ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. ამის ნათელი მაგალითია REWE Group-ის წარმატებული ინიციატივა „Wunderlinge“, რომლის ფარგლებშიც კომპანია ფერმერებისგან იბარებს და სპეციალური ბრენდირების ქვეშ ყიდის ისეთ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც ესთეტიკური წუნის გამო ბაზრის მკაცრ სტანდარტებს ვერ ერგება, თუმცა კვებითი ღირებულების მხრივ სრულფასოვანია. ამ ნაბიჯით კომპანია არღვევს სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც პროდუქტის ხარისხი მისი გარეგნული მახასიათებლებით განისაზღვრება. მსგავსი პრაქტიკები კი საგრძნობლად ამცირებს იმ დანაკარგს, რომელიც მიწოდების ჯაჭვში, სურსათის დახლებამდე მიტანის პროცესში წარმოიქმნება.
Copyright: © Robert Harson
ანალოგიურ მიდგომას ეყრდნობა BILLA-ს კამპანია „Saving the good“. პროექტის ფარგლებში, გარეგნულად წუნდებული, თუმცა გემრიელი, ხარისხიანი და ჯანსაღი ხილ-ბოსტნეული სპეციალურ შეფუთვებში ერთიანდება და მომხმარებლამდე სწორედ ამ სახით აღწევს. აღნიშნული პრაქტიკა ორმაგად ეფექტიანია – ერთი მხრივ, სურსათს ნარჩენად ქცევისგან იცავს, მეორე მხრივ კი, ამკვიდრებს აზრს, რომ საკვების ნამდვილი ღირებულება მის კვებით მახასიათებლებსა და სასარგებლო თვისებებშია და არა მკაცრ ესთეტიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ცირკულარული ეკონომიკის პერსპექტივიდან, ეს მიდგომა უზრუნველყოფს მოსავლის მისაღებად დახარჯული რესურსების ოპტიმიზაციას.
Copyright: BILLA / Harson
ფასდაკლება, როგორც ნარჩენის პრევენციის ინსტრუმენტი
საცალო ვაჭრობაში სურსათის ნარჩენების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გზა პროდუქციის ფასის დროულად დაკლებაა – – ამას დინამიურ ფასდადგენას უწოდებენ. როდესაც სურსათს ვარგისიანობის ვადა ეწურება, ფასის კორექტირებით მისი სწრაფი რეალიზაცია ბევრად უფრო ეფექტიანი და გონივრული ნაბიჯია, ვიდრე შენახვის გახანგრძლივება ან საბოლოოდ ჩამოწერა.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია Lidl-ის ინიციატივა „Ich bin noch gut“ – „ჯერ კიდევ კარგი ვარ.“ აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში მაღაზიებში გამოყოფილია სპეციალური სივრცე იმ პროდუქტებისთვის, რომელთა მოხმარების ვადაც იწურება, თუმცა ჯერ კიდევ სრულად ვარგისია გამოყენებისთვის. მათზე მოქმედებს შემცირებული ფასი, რაც მომხმარებელს უფრო ხელმისაწვდომ არჩევანს სთავაზობს და ამავე დროს ზრდის რეალიზაციის ალბათობას.
მიდგომის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ის ნარჩენის წარმოქმნას ყველაზე კრიტიკულ, დასკვნით ეტაპზე აფერხებს. სურსათი, რომელიც სულ რაღაც ერთ ან ორ დღეში ნაგავსაყრელზე უნდა აღმოჩენილიყო, კვლავ გაყიდვაში რჩება.
Copyright: Lidl
ჭარბი სურსათის მართვა ციფრული პლატფორმებით
სურსათის ნარჩენის შემცირების თანამედროვე პრაქტიკაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობს ციფრული პლატფორმები, რომლებიც ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ახალ კავშირს აყალიბებს. ამ მხრივ BILLA თანამშრომლობს Too Good To Go-ს აპლიკაციასთან ავსტრიაში. პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლები აპლიკაციის საშუალებით ყიდულობენ ე.წ. „სიურპრიზ“ კალათებს, რომლებშიც ერთიანდება დღის ბოლოს არარეალიზებული, მაგრამ სრულად ვარგისი პროდუქტები. ასეთი ნაკრებები შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის საკვებს, მათ შორის პურს, ხილს, ბოსტნეულს და მზა პროდუქტებს. აღნიშნული მიდგომა იდეალურად აბალანსებს ფინანსურ სარგებელსა და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობას.
BILLA-მ ეს თანამშრომლობა ეტაპობრივად გააფართოვა და ინიციატივაში მეტი ლოკაცია ჩართო, რაც ცხადჰყოფს, რომ მოდელი ცალკეულ ექსპერიმენტს სცდება და საცალო ვაჭრობის უფრო ფართო საოპერაციო პრაქტიკად ყალიბდება, რაც გულისხმობს, რომ პროდუქტი, რომელიც სხვა შემთხვევაში დანაკარგად ჩაითვლებოდა, კვლავ პოულობს მომხმარებელს და ინარჩუნებს ღირებულებას.
Copyright: BILLA / Harson
პარტნიორობა სოციალური ღირებულების შესაქმნელად
სურსათის ნარჩენის შემცირება მხოლოდ კომერციული მექანიზმებით არ შემოიფარგლება. იმ შემთხვევებში, როდესაც პროდუქტის რეალიზება ვეღარ ხერხდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი საქველმოქმედო მიზნით გამოყენება. სწორედ ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი REWE Group-ის თანამშრომლობა Food Bank-ებთან და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
მსგავსი სოციალური პარტნიორობები ნათლად აჩვენებს, რომ ვარგისი საკვები არასდროსაა ნარჩენი – ის არის რესურსი, რომელიც სწორი მართვის შემთხვევაში, სოციალური მხარდაჭერის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად იქცევა, რაც ცირკულარული ეკონომიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტია, ეს ცირკულარული ეკონომიკის საკვანძო ასპექტია, რადგან მიზნად ისახავს არა მხოლოდ პროდუქტის ფიზიკურ გადარჩენას, არამედ საზოგადოებრივი საჭიროებების ჭრილში მისი ღირებულების შენარჩუნებას. საცალო ვაჭრობის სექტორში ნარჩენების შემცირება ეფექტიანია, მაშინაც როდესაც ის სცდება ერთი კონკრეტული კომპანიის შიდა ოპტიმიზაციის ფარგლებს და ეფუძნება ფართო პარტნიორული ქსელების ჩართულობას.
Copyright: REWE Group / Robert Harson
მომხმარებლის ქცევა, როგორც სისტემური ცვლილების ნაწილი
სურსათის ნარჩენების შემცირების სტრატეგია სრულყოფილი ვერ იქნება, თუ მას თან არ ახლავს მომხმარებლის ქცევის შესაბამისი ცვლილება. სწორედ ამიტომ, სუპერმარკეტები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ ახსნან, თუ რეალურად რას ნიშნავს ვარგისიანობის ვადა, რატომ არ უნდა დავიწუნოთ ვიზუალურად არამიმზიდველი პროდუქტი და როგორ შეიძლება ვაქციოთ პასუხისმგებლიანი არჩევანი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად.
ნებისმიერი ოპერაციული მექანიზმის ეფექტიანობა საბოლოოდ მომხმარებლის არჩევანზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, დღეს სუპერმარკეტები ახალ სოციალურ ფუნქციას იძენენ და ხდებიან მედიატორები, რომლებიც ყოველდღიური კომუნიკაციით ცვლიან საზოგადოების აღქმას საკვების რეალურ ღირებულებაზე და მდგრად სამომხმარებლო პრაქტიკებს ამკვიდრებენ.
გზა პასუხისმგებლიანი ეკონომიკისკენ
გერმანული და ავსტრიული სუპერმარკეტების გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ სურსათის ნარჩენების შემცირება კომპლექსური, სისტემური მიდგომის შედეგია, რაც მოიცავს მთლიან ჯაჭვს პროდუქტის შერჩევიდან და მარაგების მართვიდან დაწყებული, ფასდაკლებებითა და ციფრული პლატფორმებით გაგრძელებული, სოციალური პარტნიორობით დასრულებული.
რესურსების გონივრული რეალიზაციის ფუნდამენტური არსი იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქტი ნარჩენად მხოლოდ ყველა ალტერნატიული გზის ამოწურვის შემდეგ აღიქმება. მანამდე კი მას უნარჩუნდება ეკონომიკური, სამომხმარებლო თუ სოციალური ფუნქცია. სწორედ ეს არის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპიც – პროდუქტი სისტემაში მაქსიმალურად დიდ ხანს უნდა ბრუნავდეს და შეინარჩუნოს ღირებულება. რესურსების დაზოგვა წარმოების ეტაპზე არ სრულდება და საცალო ვაჭრობაშიც აქტიურად გრძელდება ბიზნესის, მომხმარებლებისა და პარტნიორული ქსელების ერთობლივი ძალისხმევით. სურსათის დანაკარგების მართვა მხოლოდ გარემოსდაცვითი გამოწვევა არ არის, იგი ბევრად უფრო ეფექტიანი, პასუხისმგებლიანი და მდგრადი ეკონომიკური სისტემის აუცილებელი პირობაა.