დედამიწის მოსახლეობის ზრდისა და მზარდი მოთხოვნილებების ფონზე, მუდმივად მატულობს პროდუქციის წარმოებისა და შესაბამისად მოხმარების რაოდენობა. შედეგად, ჩვენს პლანეტაზე წარმოიქმნა ნარჩენების უზარმაზარი მასა, რამაც მრავალ ქვეყანაში „ნარჩენების კრიზისი“ გამოიწვია.
ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ყოველწლიურად დაახლოებით 2,01 მილიარდ ტონა მუნიციპალურ მყარ ნარჩენს წარმოქმნის. ნარჩენების წარმოქმნის მაჩვენებელი ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვაა და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ნარჩენების უდიდესი წარმომქმნელია. ქვეყნის თითოეული მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 951 კილოგრამ ნარჩენს წარმოქმნის, რაც თითქმის სამჯერ მეტია ვიდრე იაპონიის მოქალაქეების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები.
ყოველი შეძენილი პროდუქტი გარკვეული დროის შემდეგ ნარჩენად იქცევა. წარმოების ზრდა კი მოითხოვს სულ უფრო მეტ ბუნებრივ რესურსს, რომელთა რაოდენობა დედამიწაზე შეზღუდულია.
სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების სისტემატური, მიზანმიმართული და ეფექტური განხორციელება, რათა შემცირდეს გარემოზე ზემოქმედება და დაიზოგოს რესურსები.
უპასუხე კითხვებს და შეამოწმე შენი ცოდნა ნარჩენების შესახებ.
ქვიზი მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, CIRCOLUTION კამპანიის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ცირკულარობის კამპანია „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.