ყველაფერს აქვს ღირებულება — როგორ აქცევს საცალო ინდუსტრია ნარჩენებს ფასეულად
როდესაც Apple’მა გამოაცხადა “Trade In” ფუნქცია და დაიწყო ძველი ტექნიკის მიღება ახლის ფასდაკლებულად შეძენის სანაცვლოდ, მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ შეეძინათ სასურველი ტექნიკა უფრო მარტივად. მსგავსად, H&M-ის ინიციატივამ, რომ მეორადი ტანსაცმელი ისევ მათსავე მაღაზიებში გადამუშავებისთვის დაბრუნდეს, გამოიწვია განსაკუთრებული ჩართულობა მომხმარებლების მხრიდან. ეს ტრენდი ხელსაყრელი აღმოჩნდა, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ბიზნესებისა და ჩვენი გარემოსთვის. მსგავს პრაქტიკას უკვე აქტიურად მიყვებიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიც არიან The North Face, American Eagle, Levi’s, Gap, და სხვა.
განვითარებულ ქვეყნებში ხშირად შეხვდებით ტანსაცმლის მაღაზიაში ახალი კოლექციის გვერდით განახლებული და მეორადი ტანის სამოსის სექციებს, ხოლო იქვე – კიოსკებს, სადაც მაღაზიის ქულების სანაცვლოდ, შეგიძლიათ თქვენი მეორადი სამოსი ჩააბაროთ გადამუშავებისთვის.
დღეს, თანამედროვე ბრენდები აქტიურად ცდილობენ დანერგონ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები. ეს კი გამოწვეულია მომხმარებლების მხრიდან მდგრადობაზე მზარდი მოთხოვნით და სახელმწიფოების მხრიდან გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრებით.
წრფივი მოდელი თავისსავე ლიმიტს აღწევს
ტრადიციული “მოიპოვე-აწარმოე-გადააგდე” მიდგომა ქმნის რესურსების დეფიციტს; ივსება ნაგავსაყრელები და მწვავდება გარემოზე მავნე ზემოქმედება. მარტო მოდის ინდუსტრია ყოველწლიურად 92 მილიონ ტონა ტექსტილის ნარჩენს ქმნის. ამასთან ერთად, ელექტრონული კომერციის ზრდამ წარმოშვა შეფუთვის უზარმაზარი რაოდენობა — მუყაო, პლასტმასა, ქაღალდი, რომელიც ხშირად ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. ამ ყველაფრის ფასს, კი ვიხდით ჩვენ – ნარჩენებთან ერთად იკარგება ღირებული რესურსები, ფული და ჩვენი გარემოს კეთილდღეობა.
ცირკულარული ეკონომიკა კომპანიებს სთავაზობს განსხვავებულ მეთოდს. მისი პრინციპების მიხედვით, პროდუქტები თავიდანვე იქმნება ისე, რომ იყოს გამძლე, შეკეთებადი და ხელახლა გამოყენებადი.
ჩვენ დღეს უკვე ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, თუ როგორ ახერხებენ საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გამოყენებას:
დიზაინი, რომელიც ითვალისწინებს მრავალჯერად სიცოცხლეს
დღევანდელი პროდუქტის დიზაინერების ხედვა განსხვავებულია – ისინი ქმნიან პროდუქტს, რომელთა შეკეთება, განახლება, ან სრული ტრანსფორმაცია, მათი პირველი სიცოცხლის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება:
- Fairphone — ქმნის მობილურ ტელეფონებს, რომელთა ნაწილების (ბატარეა, კამერა და სხვ.) ცალკე შეცვლა შესაძლებელია;
- Patagonia — ქმნის გამძლე ტანსაცმელს და მომხმარებლებს სთავაზობს უფასო შეკეთების სახელმძღვანელოებსა და ბონუსებს მეორადი აღჭურვილობის დაბრუნების სანაცვლოდ.
მეორადი ნივთების ბაზარი ახალ შესაძლებლობებს ქმნის ბრენდებისთვის
მეორადი ნივთების ბაზარი $177 მილიარდ დოლარს აღწევს. საცალო ქსელები კი, ამ ბაზარზე გასვლით ზოგავენ ხარჯებს და ინარჩუნებენ შემოსავალს:
- Levi’s SecondHand — ბრენდი თავად აღადგენს და ყიდის საკუთარ ძველ ჯინსებს, რაც ამტკიცებს, რომ “მეორადი” არ ნიშნავს “უმნიშვნელოს”.
უკან დაბრუნების ინიციატივები საცალო ქსელებში
თანამედროვე ბრენდები ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს უერთდებიან “წახალისების პროგრამებით.” ისინი სთავაზობენ მომხმარებლებს ძველი ნივთების დაბრუნებას, რომელთაც შემდეგ გადაამუშავებენ, გადაახარისხებენ და ხელახლა ყიდიან როგორც მეორად ნივთებს.
- IKEA Buy Back & Resell — მომხმარებლები აბრუნებენ ავეჯს და იღებენ ბონუსებს. დაბრუნებული ნივთები განახლდება და გაიყიდება სპეციალურ “ცირკულარულ ზონებში”;
- H&M-ის ტანსაცმლის შეგროვება — კომპანია იღებს ნებისმიერი ბრენდის ძველ ტანსაცმელს, მაღაზიაში გამოყენებად ბონუსებს აძლევს მომხმარებელს და ნარჩენებს, გადამუშავების შემდეგ, იყენებს ახალ კოლექციებში (მაგალითად, Conscious Exclusive).
მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვები
მსოფლიო პლასტმასის ნარჩენის 40% მოდის ერთჯერად შეფუთვაზე. იმის ნაცვლად, რომ ერთჯერადი გამოყენების შეფუთვა საბოლოოდ ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს, თანამედროვე კომპანიები ნერგავენ ალტერნატიულ, გადამუშავებად და მრავალჯერად სისტემებს:
- Loop by TerraCycle — თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Pantene და Häagen-Dazs, რათა პროდუქტი მინის ან უჟანგავი ფოლადის კონტეინერებში მიაწოდოს. ცარიელი კონტეინერების დაბრუნება, გარეცხვა და თავიდან ავსება სრულიად აღმოფხვრის ერთჯერადი გამოყენების აუცილებლობად;
- Lush-ის “შიშველი შეფუთვა” — ბრენდი ყიდის შამპუნებს, დეოდორანტებსა და კოსმეტიკას შეფუთვის გარეშე ან მხოლოდ კომპოსტირებად მასალებში, რაც ყოველწლიურად 6 მილიონი პლასტმასის ბოთლის ნაგავსაყრელზე გადაყრის აუცილებლობას აღმოფხვრის.
მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობა ბევრს ცვლის
ცალკეული ბიზნესი ვერ შეძლებს მთლიანად შეცვალოს სისტემა სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების გარეშე. გარდამავალი პერიოდი განსაკუთრებით საჭიროებს სტრუქტურულ ცვლილებებს, ფინანსურ მხარდაჭერასა და განათლებას — ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება როგორც სახელმწიფო პოლიტიკას, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო NGO-ებს.
მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, სახელმწიფოები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად უწყობენ ხელს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას. მაგალითად, ევროკავშირის „Circular Economy Action Plan“ ამკაცრებს მოთხოვნებს გადამუშავებაზე, რესურსების ხელახალ გამოყენებაზე და მდგრადი დიზაინის სტანდარტებზე. საფრანგეთში მიღებული ანტი-ნარჩენების კანონი კრძალავს გაუყიდავი პროდუქციის განადგურებას და ახალ სიცოცხლეს აძლევს მარაგებს. იაპონიაში კი წლების წინ წამოწყებული მსვლელობა — „Sound Material-Cycle Society“ — უკვე რეალურად აქცევს ნარჩენებს რესურსად და ქმნის მყარ მოდელს, რომელსაც სხვა ქვეყნებიც იღებენ შთაგონებად.
როგორ დავუჭიროთ მხარი ცირკულარულ ეკონომიკას?
ცირკულარული ეკონომიკა არ არის ის ბიზნეს ტრენდი, რომელიც რამდენიმე თვეში გაუჩინარდება – ესაა პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საცალო ინდუსტრია და ჩვენი საზოგადოება დგას.
გლობალური გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ნივთების ხელახალი გამოყენება, რესურსების დაზოგვა და ნარჩენების შემცირება რეალურად შესაძლებელია, როცა სექტორი ერთიანი ხედვით მოქმედებს.
ცირკულარულ ეკონომიკაში ღირებულებას ვანიჭებთ არა მხოლოდ ახალს, არამედ — ძველსაც. ეს მიდგომა გვეხმარება შევქმნათ არა მხოლოდ უფრო მდგრადი ბიზნესი, არამედ — უფრო პასუხისმგებელი და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება.