ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც CENN ICLEI Europe-თან თანამშრომლობით ახორციელებს, ჩატარდა ახალგაზრდული ფოტობლოგების კონკურსი „აღმოაჩინე ბუნების ცირკულარობა“. კონკურსის მიზანი იყო აჭარაში მცხოვრები 16–24 წლის ახალგაზრდების გაძლიერება და მათი წახალისება შეესწავლათ ბუნებაში არსებული ცირკულარული პროცესები და აღმოეჩინათ, თუ როგორ შეიძლება გარემოში არსებული მოდელები შთაგონებად იქცეს ადამიანის მიერ შექმნილი მდგრადი სისტემებისთვის. მონაწილეებმა გაიარეს ონლაინ ტრენინგი ცირკულარული ეკონომიკისა და ბლოგების შექმნის შესახებ, რის შემდეგაც შეიმუშავეს საკუთარი ნამუშევრები, სადაც წარმოჩენილი იყო ბუნების მრავალფეროვანი ციკლები.
კონკურსი გამარჯვებულის გამოვლენით დასრულდა — ნია ხალვაშის ფოტობლოგი „წყლის წრებრუნვა” გამორჩეულ ნამუშევრად დასახელდა. ნიას ნაშრომმა წარმოაჩინა წყლის უწყვეტი, განახლებადი ციკლი, როგორც ბუნების ჰარმონიული და ცირკულარული მოდელი, რომელიც შთაგონებას გვაძლევს რესურსების განახლებისა და ნარჩენების მინიმიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული მდგრადი სისტემების შესაქმნელად. მიღწევის აღსანიშნავად, ნია ევროკავშირისგან და CENN-ისგან დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ნარჩენების მართვის ონლაინ კურსითა და ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერით. მისი ბლოგი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბუნების დაკვირვება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ცირკულარული სისტემების შემუშავებისთვის, რაც საშუალებას იძლევა, რესურსების ოპტიმიზაციასთან ერთად უზრუნველვყოთ მდგრადი მომავალი.
ფოტობლოგი წაიკითხეთ აქ: წყლის წრებრუნვა