- ეს ღონისძიება უკვე ჩატარდა
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის პირველი შეხვედრა თელავში
კახეთში ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი შეიქმნა
ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა საერთაშორისო ორგანიზაცია ICLEI Europe-თან ერთად, პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი დააფუძნა.
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი არაფორმალური პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობას რესურსების და ცოდნის გაზიარების, ნარჩენების წარმოქმნის შემცირების და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისათვის.
საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ინდუსტრიული სიმბიოზი ერთ-ერთი საუკეთესო მიდგომაა მდგრადი და რესურსეფექტიანი ბიზნესპრაქტიკის ხელშეწყობისთვის. ის ეხმარება კომპანიებს ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და უფრო მომგებიანი მიდგომების დანერგვაში.
ქსელი აერთიანებს კახეთის რეგიონში მოქმედ ჰორეკა სექტორის და საცალო/საბითუმო ვაჭრობის წარმომადგენლებს, ასევე მწარმოებლებს და ნარჩენების გადამმუშავებელ კომპანიებს.
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის პირველი შეხვედრა თელავში
პირველ შეხვედრაზე, რომელიც თელავში 17 ივნისს გაიმართა:
- წევრი კომპანიები გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელების წარმატებულ მაგალითებს;
- შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ნორვეგიაში მოქმედი ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის წარმომადგენლებს და უშუალოდ მოესმინათ მათი გამოცდილების შესახებ;
- მოისმინეს კომპანიებში: აჭარა ჯგუფი, ფაბრიკა და compost.ge უკვე დანერგილი და წარმატებით მოქმედი ცირკულარული ბიზნეს მოდელების შესახებ;
- იმსჯელეს არსებულ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმზე ხელის მოწერით კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის მზაობა.
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც ახორციელებს CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში კლიმატ-მედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობის გზით.

