- ეს ღონისძიება უკვე ჩატარდა
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის მეორე შეხვედრა
ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა კახეთში ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის მეორე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების მთავარ ფოკუსს სექტორთაშორისი თანამშრომლობა წარმოადგენდა — მიდგომა, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის საყრდენია და ბიზნესისთვის პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. მას 40-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის კერძო სექტორის ლიდერები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ინტერაქციულ დისკუსიას ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვების ჩანაცვლების შესახებ. მონაწილეებმა განიხილეს ეს პროცესი, როგორც ახალი შესაძლებლობა ბიზნესში ინოვაციური და ეკომეგობრული მიდგომების დასანერგად. საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული მიგნებები ერთმანეთს საცალო ვაჭრობის ქსელების, HoReCa სექტორისა და შემფუთველთა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გაუზიარეს.
შეხვედრის ცენტრალური ბლოკი ცირკულარული პრაქტიკების დასანერგად გაერთიანებული ბიზნესების წარმატებულ კოლაბორაციებს დაეთმო. ინდუსტრიული სიმბიოზის წევრი ბიზნესების მხრიდან საკუთარი მაგალითების განხილვისას გამოიკვეთა, თუ როგორ შეუძლია სექტორთაშორის პარტნიორობას რეალური ფინანსური სარგებლის მოტანა და კომპანიის რეპუტაციის გაძლიერება.
დისკუსიის დასკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილდა ცირკულარულ ბიზნესზე, როგორც ინვესტიციების მოზიდვისა და ბაზრის გაფართოების საშუალებაზე. ოთარ ანთიამ (ინვესტორთა საბჭო) ხაზი გაუსვა B2B თანამშრომლობისა და საზიარო სერვისების მნიშვნელობას მცირე ბიზნესის ზრდისთვის.
___
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის — „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ — ნაწილია, რომელსაც ახორციელებს CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში კლიმატმედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის დაგეგმვა-განხორციელების გზით.

