გურია, 13 ივლისი, 2026 – როგორ შეიძლება ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა, ტრადიციების აღდგენამ და ეკომეგობრულმა მიდგომებმა რეგიონული ეკონომიკა გააძლიეროს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხების საძიებლად, გურიის რეგიონში საინტერესო და შემეცნებითი სასწავლო ტური მოეწყო. ტურის მონაწილეებმა უშუალოდ მოინახულეს ადგილობრივი მდგრადი წარმოების საუკეთესო მაგალითები და გაეცნენ მიწოდების ჯაჭვის მუშაობის პრინციპებს.
ტურში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის ინდუსტრიული სიმბიოზისა და ცირკულარული ეკონომიკის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები. ტურის განმავლობაში მონაწილეებმა ოთხი გამორჩეული ლოკაცია მოინახულეს:
„ლურჯი მოცვის ბაღი“ (სოფელი მელექედური, ოზურგეთი): მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ პლანტაციას, რომელიც ორიენტირებულია პრემიუმ კლასის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე. პლანტაცია აღჭურვილია ავტომატიზებული ჭკვიანი სარწყავი სისტემითა და სენსორებით. ეს უზრუნველყოფს ტენიანობისა და სასუქის ზუსტ კონტროლს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას.
ჩაის სახლი „ტაბა“ (სოფელი მელექედური, ოზურგეთი): ბრენდმა, რომელიც უკვე 8 წელია აღადგენს 1933 წელს გაშენებულ ისტორიულ პლანტაციებს, მონაწილეებს ჩაის უნიკალური სამყარო გააცნო. სტუმრებმა მოინახულეს ჩაის პლანტაციები, საწარმოო სივრცე, სადაც „ტაბას“ 7 დასახელების ჩაი იწარმოება და დააგემოვნეს ადგილობრივი პროდუქცია.
თხის ყველის სახელოსნო „კალას ფერმა“ (ჩოხატაური): ტურის მონაწილეები ეწვივნენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საწარმოს, რომელიც დღეში საშუალოდ 300 ლიტრ რძეს იბარებს ადგილობრივი მოსახლეობისგან. საწარმოო სივრცის გარდა, სტუმრებმა მოინახულეს ტურისტული სადეგუსტაციო კუთხე, სადაც მასტერკლასებიც ტარდება.
„სკიჯის სახლი“ (ჩოხატაური): ტური დასრულდა ევროპული სტანდარტის საოჯახო კომპლექსში, სადაც მონაწილეებმა დააგემოვნეს უმაღლესი ხარისხის ნატურალური ნაწარმი (ჩირი, ჩირის კანფეტები, ხილის ჩაი და ჯემი) და ისიამოვნეს კომფორტული, ავთენტური გარემოთი.
სასწავლო ტურის მიზანი იყო ადგილობრივი მდგრადი პრაქტიკების გაზიარება და იმ მწვანე ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონულ განვითარებასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას საქართველოში.
პროექტების შესახებ: სასწავლო ტური გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, CENN-ის მიმდინარე პროექტების — (1) „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ და (2) „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში.























