ინდოეთში ბრინჯის მოსავლის აღების შემდეგ, ყოველწლიურად სასოფლო-სამეურნეო ველებზე  ბრინჯის ნამჯის დიდი მოცულობა რჩება, რომელსაც ადგილობრივად „პარალს“ უწოდებენ. მიწის სწრაფად მოსამზადებლად მისი დაწვა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა, მიუხედავად ეფექტიანობისა, აღნიშნულ მეთოდს მძიმე გარემოსდაცვითი და სოციალური  შედეგები მოჰყვება, რაც ჰაერის დაბინძურებაში, სათბურის აირების ემისიების ზრდასა და ახლომდებარე თემების ჯანმრთელობის გაუარესებაში გამოიხატება.

Parali-ის ცირკულარული პროექტი

აღნიშნული პრაქტიკის ალტერნატივად, PARALI-ის პროექტი წარმოადგენს განსხვავებულ მიდგომას, სადაც აგრო-ნარჩენი აღარ განიხილება როგორც პრობლემა, არამედ როგორც პოტენციური რესურსი. ბრინჯის ნამჯის შეგროვებისა და დამუშავების შედეგად მზადდება ბიოდეგრადირებადი, ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები და მსუბუქი ჭურჭელი. ბუნებრივი მასალით ნივთების დამზადების მეთოდი  ეწინააღმდეგება წრფივი ეკონომიკის მოდელს, რომელიც „მოიპოვე-დაამზადე-გადააგდე“ პრინციპს ეფუძნება, და ნათლად აჩვენებს, რომ რესურსების გონივრული გამოყენებით, ნარჩენების და მისი ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდება შესაძლებელია. მეტიც, ის შეიძლება იქცეს შემოსავლის ახალ შესაძლებლობად.

ადგილობრივი დიზაინი

PARALI-ის მიდგომა ეფუძნება ადგილობრივი ცოდნისა და თანამედროვე დიზაინის ინტეგრაციას. სოფლის ქალ ხელოსანთა ჩართულობით იქმნება ეკოლოგიურად მდგრადი პროდუქტები, რომლებიც ტრადიციული ხელობის ელემენტებს ინარჩუნებს და ადგილობრივ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ კონტექსტში აცოცხლებს. ბრინჯის ნამჯა გამოიყენება როგორც ვიზუალური, ისე სტრუქტურული ელემენტი, რის შედეგადაც პროდუქტის ტექსტურა და ფორმა თავად მასალის ბუნებრივი მახასიათებლებით განისაზღრება.

 ხელნაკეთი ქსოვილები ტრადიციულ დაზგებზე იწნება და დიზაინი წარმოების პროცესში ფორმირდება. ორნამენტები და დეტალები შთაგონებულია აგრო-ლანდშაფტებითა და ბრინჯის მოყვანის ციკლით, რაც პროდუქტს კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ პროცესში დიზაინი მხოლოდ ესთეტიკურ ფუნქციას არ ასრულებს, არამედ წარმოადგენს სოციალური და გარემოსდაცვითი ღირებულებების მატარებელ ინსტრუმენტს. ამავდროულად, ადგილობრივი ცოდნისა და თანამედროვე დიზაინის ინტეგრაცია, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ეკოლოგიურად მდგრადი პროდუქტების შექმნასთან აერთიანებს.

გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი

PARALI-ის ბიზნესმოდელი ორი მიმართულებით აუმჯობესებს გარემოს მდგომარეობას: ბრინჯის ნამჯის დაწვა ინდოეთში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სეზონური სმოგის წარმოქმნაში. შესაბამისად, ამ ნარჩენის წარმოებაში ჩაბრუნებით, კომპანია ამცირებს ჰაერის დაბინძურებას. გარდა ამისა, ნამჯის ბუნებრივ, ბიოდეგრადირებად მასალად (ტექსტილი და ინტერიერის ობიექტები) გარდაქმნა ამცირებს მოთხოვნას სინთეზურ და არაგანახლებად რესურსებზე, რაც და თავის მხრივ, ხელს უწყობს რესურსების უფრო პასუხისმგებლიან გამოყენებას მთლიან ღირებულებათა ჯაჭვში.

PARALI-ის მიდგომა ეფუძნება ადგილობრივი თემების ჩართულობას. პროექტი მუშაობს სოფლის ქალ ხელოსნებთან, აძლიერებს მათ პროფესიულ უნარებს და ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ტრადიციული ხელობის გაცოცხლების გზით. აღნიშნული პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ ცირკულარულ ეკონომიკაში მდგრადობა არ გულიხმობს მხოლოდ ტექნიკურ გადაწყვეტებს და მოიცავს სოციალურ ასპექტებს, რომლებიც ადამიანებს, მათ საარსებო პირობებსა და სამართლიანობას უკავშირდება.  

ცირკულარი პრაქტიკები ყოველთვის არ საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ სისტემებს ან რთულ ინფრასტრუქტურას, ის მარტივ პრინციპებს ეფუძნება:

  • დიზაინი, რომელიც ითვალისწინებს პროდუქტის სიცოცხლის ციკლის ყველა ეტაპს
  • თემებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მოდელები
  • მარტივი და ადაპტირებადი წარმოება
  • რეგენერაციულ მიდგომებზე გადასვლა

ცირკულარული პრაქტიკების მასშტაბირება

მიუხედავად იმისა, რომ PARALI კონკრეტულ რეგიონულ კონტექსტზეა მორგებული, არსებული იდეა უნივერსალურია და ადვილად ადაპტირებადია სხვა ქვეყნების პირობებშიც. სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები მრავალი ქვეყნისთვის საერთო გამოწვევაა, თუმცა ამავდროულად წარმოადგენს რესურსს, რომლის გარდაქმნაც შესაძლებელია სასარგებლო და დაბალი გარემოსდაცვითი ზემოქმედების მქონე პროდუქტებად. სათანადო პოლიტიკის, ბაზრის ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის შემთხვევაში, მსგავსი ინიციატივები შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი როგორც ნარჩენების შემცირების ხელშესაწყობად, ისე ადგილობრივი ეკონომიკის გასაძლიერებლად.

საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებიც ცირკულარული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ, PARALI-ის მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება აგრო-ნარჩენის, ტრადიციული ცოდნისა და ინოვაციური დიზაინის შერწყმით რეალური და მასშტაბირებადი რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე დაფუძნებული მოდელების განვითარება.