ყოველწლიურად, ევროპა 58 მილიონ ტონა საკვებს ყრის. ეს დაახლოებით 130 კილოგრამს უდრის ერთ ადამიანზე,  ნარჩენის საბაზრო ღირებულება კი 132 მილიარდი ევროა. ამავდროულად, ევროკავშირის მასშტაბით, 42 მილიონზე მეტ ადამიანს არ შეუძლია ყოველ მეორე დღეს ხარისხიანი საკვებით თავის უზრუნველყოფა.

გლობალური სურათი არანაკლებ შემაშფოთებელია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ვარაუდობს, რომ ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული მთელი საკვების დაახლოებით მესამედი იკარგება ან ნადგურდება ყოველწლიურად. მხოლოდ 2022 წელს, მსოფლიოში 1.05 მილიარდი ტონა საკვების ნარჩენი წარმოიშვა — აქედან 60% ოჯახებიდან, 28% კვების სერვისებიდან და 12% საცალო ვაჭრობიდან. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მთელი საკვების მეხუთედი ნაგავსაყრელზე ხვდება.


რატომ არის საკვების ნარჩენი თითოეული ჩვენთაგანის პრობლემა

საკვების ფლანგვა მხოლოდ მორალური საკითხი არ არის — ეს გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პრობლემაცაა. ევროკავშირის შეფასებით, საკვების ნარჩენები მთლიანი სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით 16%-ს იწვევს. საკვები პროდუქტების ფლანგვასთან ერთად, იკარგება ენერგია, წყალი და ის ადამიანური შრომა, რომელიც მის წარმოებას მოხმარდა.

საკვების ნარჩენების შემცირება ცენტრალურია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევადაც. მაგალითად, SDG 12.3, მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე საკვების ნარჩენების განახევრებას საცალო ვაჭრობისა და მომხმარებლის დონეზე.

საკვების დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებით, ჩვენ შეგვიძლია:

  • ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას და შევამციროთ სათბურის გაზების ემისიები.
  • გამოვკვებოთ მეტი ადამიანი, გავუნაწილოთ ჭარბი საკვები ადამიანებს, რომლებსაც ის არ ხელეწიფებათ.
  • დავზოგოთ ხარჯი ოჯახებში, წარმოებასა და ბიზნესებში.

სად და რატომ იკარგება საკვები

საკვების ნარჩენი სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე წარმოიქმნება — ფერმიდან ჩვენს თეფშამდე. ევროკავშირში, ოჯახები პასუხისმგებელნი არიან მთლიანი საკვების ნარჩენების ნახევარზე მეტზე (53%), ანუ 69 კგ-ზე ერთ ადამიანზე ყოველწლიურად. დანარჩენი კი მიწოდების ჯაჭვში ნაწილდება:

  • წარმოება: 19%
  • რესტორნები და კვების სერვისები: 11%
  • საცალო ვაჭრობა და დისტრიბუცია: 8%
  • პირველადი წარმოება (ფერმები): 10%

ფერმაში საკვები პროდუქტები ხშირად იქამდე იკარგება, სანამ საკვები ბაზრამდე მიაღწევს. ამის მიზეზს ბევრი ფაქტორი წარმოადგენს, მათ შორის:

  • მავნებლები, დაავადებები და ექსტრემალური ამინდი.
  • არახელსაყრელი საბაზრო პირობები (მაგ., დაბალი ფასები ან ჭარბი მიწოდება).
  • მკაცრი ესთეტიკური სტანდარტები, რაც ნიშნავს, რომ „გარეგნულად არამიმზიდველი“ პროდუქცია დაუკრეფავი რჩება.

სასურსათო ბიზნესებში საკვები პროდუქტი ქარხნიდან რესტორნამდე ხშირად არასრულყოფილი რაოდენობით მიდის. ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  • ჭარბი წარმოება და მარაგების მართვის პრობლემები.
  • პორციების დიდი ზომები.
  • წარმოების ნაკლოვანებები ან შეფუთვის დაზიანება.
  • მოთხოვნის პროგნოზირების სირთულე, განსაკუთრებით კვების სერვისებში.
  • მკაცრი ხარისხის მოთხოვნები საცალო მოვაჭრეებისგან.

ოჯახებში დამკვიდრებულ პატარა ჩვევებს ხშირად დიდი გავლენა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ გადავაფასოთ სახლში საკვების მოხმარების პრაქტიკები. მაგალითად:

  • კვების რაციონის არასწორი დაგეგმვა და ზედმეტი პროდუქტების შესყიდვა, რასაც ხშირად საცალო მოვაჭრეების სპეციალური აქციებიც უწყობს ხელს.
  • „უმჯობესია მანამდე“ და „გამოიყენე მანამდე“ მარკირებების არასწორი აღქმა.
  • არასათანადო შენახვა და საკვების მარაგების არასწორი მართვა.
  • დაბალი ინფორმირებულობა საკვების ნარჩენების გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური ხარჯების შესახებ.

როგორ შევამციროთ საკვების ნარჩენი

ევროკავშირმა შეიმუშავა „საკვების გამოყენებისა და ნარჩენების იერარქია“, რომელიც ნარჩენების ჩარჩო დირექტივასთან არის ადაპტირებული. ის პრიორიტეტს ანიჭებს საკვების ნარჩენის შემცირებას, განაწილებას, მისი სხვა დანიშნულებისთვის გამოყენებას (როგორიცაა ცხოველის საკვები და/ან სამრეწველო გამოყენება) და ბოლოს – გადამუშავება (რეციკლირება, ენერგიად აღდგენა და განთავსება).

სურსათის ნარჩენები საქართველოში

CENN-ის 2016 და 2018 წლების კვლევების მიხედვით, საქართველოს ნაგავსაყრელებზე არსებული ნარჩენების დაახლოებით 40% ორგანულია, რომლის დიდ ნაწილს სურსათის ნარჩენები შეადგენს. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 576,588 ტონა სურსათის ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც ნაწილდება ოჯახებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და საცალო ვაჭრობაზე. სექტორინარჩენი (კგ/სულზე/წელი) ჯამური მოცულობა (ტონა/წელი) საოჯახო – 101 კგ = 403,573 ტონა; სურსათით მომსახურება – 28 კგ = 110,504 ტონა; საცალო ვაჭრობა – 16 კგ = 62,511 ტონა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ძირითადი მიზეზებია არასწორი დაგეგმვა და ჭარბი შესყიდვა. ამას ემატება დაბალი ინფორმირებულობა დარჩენილი პროდუქტის კომპოსტირებისთვის ან ახალი კერძის მოსამზადებლად გამოყენების შესახებ, ასევე ცნობიერების ნაკლებობა სურსათის ეტიკეტზე ინფორმაციის სწორად წაკითხვის კუთხით.

ბიზნეს სექტორში (სასურსათო ბიზნეს ოპერატორები, მსხვილი საცალო ვაჭრობა) საკვებად ვარგისი სურსათის დიდი რაოდენობა იყრება. ეს გამოწვეულია ძირითადად შეფუთვისა და ხარისხის პრობლემებით, ვარგისიანობის ვადის გასვლით, ჭარბი მიწოდებითა და მოხმარების ჩვევებით (მაგ., შვედური მაგიდა სასტუმროებში). საცალო ვაჭრობის სექტორში ნარჩენების წარმოქმნა ხშირ შემთხვევებში გამოწვეულია სურსათის შეფუთვისა და ვადების დარღვევით, ასევე ჭარბი მიწოდებით.

შეფასების მიხედვით, საქართველოში სურსათის ნარჩენებმა შესაძლოა გამოიწვიოს 797,448-დან 996,809 ტონამდე CO2-ის ექვივალენტი ემისია.


რა შეუძლიათ გააკეთონ სხვადასხვა აქტორებმა?

მომხმარებლებს შეუძლიათ კვების რაციონის უკეთესი  დაგეგმვა, ნარჩენების გაყინვა და პროდუქტის მარკირების/ეტიკეტების უკეთ გათვალისწინება.

ფერმერებს შეუძლიათ მოსავლის აღების, შენახვისა და დისტრიბუციის პრაქტიკის გაუმჯობესება და „არასრულყოფილი“ პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიება.

სასურსათო ბიზნესებმა უკეთ უნდა გათვალონ საკვების ნარჩენების ეკონომიკური ღირებულება. World Resources Institute (WRI) და WRAP-ის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი ინვესტირებული $1, რაც მიმართულია საკვების ნარჩენების შემცირებაზე, $14 ან მეტის დაზოგს უდრის.

საერთო პასუხისმგებლობა

საკვების ნარჩენებთან ბრძოლა მოითხოვს კოლექტიურ ძალისხმევას პოლიტიკის შემქმნელებიდან დაწყებული, ბიზნესებითა და მომხმარებლებით დამთავრებული. ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, ერთობლივი მოქმედება კი განაპირობებს ცვლილებებს.

ევროკავშირის ვალდებულება, გაანახევროს საკვების ნარჩენი 2030 წლისთვის, ამბიციური, მაგრამ მიღწევადია. საკვების, როგორც ძვირფასი რესურსის დაფასებით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უფრო მდგრადი, სამართლიანი და გამძლე სასურსათო სისტემა ყველასთვის.

სტატია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, CIRCOLUTION კამპანიის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ცირკულარობის კამპანია „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.